ახალი ამბები

რა რაოდენობისა და შინაარსის საჩივრები დაიწერა არჩევნების II ტურზე – 17:00 საათის მონაცემები

1 ნოემბერი, 2016 • 2228
რა რაოდენობისა და შინაარსის საჩივრები დაიწერა არჩევნების II ტურზე – 17:00 საათის მონაცემები

17:00 საათისთვის ცესკოს ვებგვერდზე მაჟორიტარი დეპუტატების II ტურის არჩევნებზე დაფიქსირებული 242 საჩივარია გამოქვეყნებული. აქედან ორი განუხილველად დარჩა, ერთი უკან იქნა გათხოვილი, ხოლო დანარჩენები განხილვის პროცესშია. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ცესკო შესული საჩივრების ვებგვერდზე ატვირთვას აგრძელებს და რიცხვები შეიცვლება.

ცესკოს ვებგვერდის თანახმად, ნაციონალურ მოძრაობას 73 საჩივარი აქვს დაწერილი, დაახლოებით ამდენივე, 70 საჩივარი აქვს საიას, სამართლიან არჩევნებს – 48, მრავალეროვან საქართველოს – 3, ქართულ ოცნებას – 1 (რომელიც ბოლოს უკან გაითხოვა).

ყველაზე მეტი (51 საჩივარი) საჩივარი მარნეულის საარჩევნო ოლქშია დაწერილი, სადაც ენმ-ის კანდიდატი და პირველი ტურის ლიდერი აჰმედ იმამკულიევი თამაზ ნავერიანთან დამარცხდა, ქუთაისის სამივე საარჩევნო ოლქში, ჯამში,  28 საჩივარია დაწერილი, კრწანისში – 20, ზუგდიდში – 19, მთაწმინადაზე – 18, ნაძალადევში – 13, ბათუმში – 12, ახალციხეში – 9, გორში – 9, საბურთალოზე – 8, წალენჯიხაში – 7, თელავში – 6, ფოთში – 6, ისანში – 5, ლანჩხუთში – 4, ახმეტაში – 3, ვაკეში – 3, გურჯაანში – 2, საგარეჯოში – 2, ბაღდათში – 2, მცხეთაში – 1.

რაც შეეხება საჩივრების შინაარს, მაგალითად, მარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე,  ცესკოს ჯერ  7 საჩივარი აქვს გამოქვეყნებული, რომლის ავტორებიც არიან როგორც ენმ-ის წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ კუთხით საჩივრები დაწერილია მთაწმინდის ოლქში (4 საჩივარი), სამგორში, მარნეულში და ზუგდიდში. საჩივრებში საუბარია იმაზე, რომ მარკირების სითხის მქონე ამომრჩევლმა ხმის მიცემა შეძლო. მეორე მხრივ, საუბარია იმაზეც, რომ ამომრჩეველს მარკირება შეცდომით გაუკეთეს და მან ხმა ვეღარ მისცა იმის გამო, რომ ეს სხვა უბანზე უნდა გაკეთებინა.

მარკირება/მარკირების სითხე © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

მარკირება/მარკირების სითხე © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე აგიტაციის საკითხზე გამოქვეყნებულია 5 საჩივარი: მთაწმინდაზე, მარნეულსა და გორში (3 საჩივარი). გორის შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, რომ უბნის შესასვლელთან მდგარი პირები ახორციელებდნენ აგიტაციას მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ. გორში იოსებ მაკრხაიძე ირაკლი ალასანიას უპირისპირდებოდა. ამ უკანასკნელმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ მეორე ტურსა და პარლამენტზე უარს ამბობდა.

იოსებ მაკრახიძე © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

იოსებ მაკრახიძე © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია 13 საჩივარი. საჩვრებში საუბარია იმაზე, რომ ირღვეოდა ბალანსი, ხშირ შემთხვევაში- ერთი ხმით. მაგალითად, საია კრწანისის 5 უბანზე აცხადებს, რომ შემაჯამაბელ ოქმებში ბალანსი ზუსტად დასვეს, თუმცა სინამდვილეში 1 ხმით მეტობა უნდა ყოფილიყო. საია ამ უბნების ხელახალ გადათვლას ითხოვს.

მცხეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ცეზარ ჩოჩელის წარმომადგენლები თვლიან, რომ 16 ბიულეტინი უკანონოდ გაბათილდა, რადგან იქ ამომრჩევლის ნება გამოხატული იყო, თუმცა კომისიის წევრებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღებს და ბიულეტენები გააბათილეს. მცხეთაში ცეზარ ჩოჩელმა მმართველი გუნდის წარმომადგენელ დიმიტრი ხუნდაძესთან 60 ხმით წააგო.

სხვადასხვა პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ჯერჯერობით 116 საჩივარია გამოქვეყნებული. დამკვირვებლის უფლებების დარღვევის საკითხზე – 12.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ II ტურის კენჭისყრის დღის შეფასებას საიასგან, ISFED-ისგან, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი