თანაინვესტირების ფონდი: თაბორის მთის პროექტის ადგილზე ხეების დაახლოებით 30% არის ჯანსაღი

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველი დირექტორი ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით ცოტნე ებრალიძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ თაბორის მთაზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც ფონდი პროექტს ახორციელებს, 11 669 ხიდან მხოლოდ 3 500 არის ჯანსაღი, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 30%-ს შეადგენს.

ცოტნე ებრალიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი დაავადებული ხეების ადგილიდან გატანა იქნება საჭირო, ისინი სხვა ხეებით ჩანაცვლდება.

“მთლიან ამ ტერიტორიაზე, რაც ჩვენ გვეკუთვნის, ჯამში, არის 12 ათას ხემდე, 11 669 ხე. სამწუხაროდ, ამ ხეებიდან მხოლოდ დაახლოებით 3 500 ხე არის ჯანსაღი. დანარჩენი არის ან დაავადებული, ან ამორტიზებული, ან ზეხმელი, ან ხმელი, რაც საკმაოდ ცუდია იმიტომ, რომ თუ კონკრეტული ჩარევა არ მოხდება, შეიძლება დანარჩენი ჯანსაღი ხეებიც დაავადდეს. ბუნებრივია, რომ ხეების გარკეული რაოდენობა ტერიტორიიდან გასატანი იქნება. თუმცა, ზუსტად რა რაოდენობა და რა ეტაპებად მოხდება ეს, ამაზე ვმუშაობთ იმიტომ, რომ ეს იყო პირველადი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რა სურათი არის. ახლა, ამ სურათიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე ინდივიდუალური მოქმედების გეგმა უნდა შევიმუშაოთ თითოეულ ხესთან მიმართებაში, იმიტომ, რომ დაავადების ხარისხიც განსხვავდება ერთმანეთისგან. არის ხეები, რომლებიც დაავადებულია და რომლებსაც არაფერი ეშველება. არის ხეები, რომლებიც დაავადებულია, მაგრამ შეიძლება სწორი მკუნრალობით მდგომარეობა გამოსწორდეს და ეს ხეები არ დავკარგოთ.

საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობის ხეები გადავარჩინოთ იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ვაკეთებთ სარეკრეაციო ზონას. ჩვენ ეს ხეები რომც გავიტანოთ ტერიტორიიდან, რასაც გავიტანთ, მინიმუმ ორი იმდენის შემოტანა მოგვიწევს უკან. გატანა ცალკე ხარჯია და შემოტანა და იმის გაზრდა კიდევ ცალკე ხარჯი და ინვესტიციაა. ანუ ჩვენ ფინანსური ინტერესიც კი გვაქვს იმისა, რომ ხეების მაქსიმალური რაოდენობა შევინარჩუნოთ, იმიტომ, რომ იქ რაც არის, მაინც საკმარისი არ იქნება იმისთვის, რასაც ჩვენ ვაპირებთ,”- განაცხადა ცოტნე ებრალიძემ ნეტგაზეთთან საუბრსას.

თანაინვესტირების ფონდი ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, თაბორის მთის ტერიტორიაზე გოლფის მოედნების, გოლფ-კლუბის, 80-ნომრიანი სასტუმროსა და სარეკრეაციო ზონის მოწყობას გეგმავს.  განაშენიანების რეგულირების გეგმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დღეს, 1 ნოემბერს არის გატანილი.

ცოტნე ებრალიძის თქმითვე, ტერიტორის მხოლოდ 2%-ს დაიკავებს შენობები, დანარჩენი ტერიტორია კი იქნება გოლფის მოედნები, ტყე, ბილიკები და ა.შ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღეს, 1 ნოემბერს საკრებულოში გამართა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ ნებართვის გაცემის პირობებში არ არის ჩადებული ხე-ნარგავების შენარჩუნების ვალდებულება, რაც ამ ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვის საშიშროებას არ გამორიცხავს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მმართველ გუნდს საკითხის გადადებისკენ მოუწოდებენ, თუმცა, საკრებულომ სხდომაზე უმრავლესობით არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა და საკითხი განსახილველად დატოვა.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციით, თაბორის მთაზე განსახორციელებელი პროექტი შედგება ორი საკადასტრო ერთეულისგან, რომელთაგან ერთს “ფინსერვისი XXI” (100 000 კვ/მ), ხოლო მეორეს “თაბორი რეზორთსი” (297 576 კვ/მ) ფლობს. ორივე კომპანია დაკავშირებულია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან.

 

კერძოდ, “თაბორი რეზორთსი” ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი თანაინვესტირების ფონდის შვილობილი კომპანიაა. “ფინსერვისი XXI”-ს კი ფლობს კომპანია, რომელიც, ამავდროულად, სოლოლაკში მდებარე იმ ბიზნესცენტრის მფლობელია, რომელშიც ივანიშვილი ცხოვრობს. 2016 წლის აპრილში ფინსერვისმა ბოტანიკურ ბაღს 4 ჰა ტერიტორია გაუცვალა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

თაბორის მთის პროქტის ესკიზის ნაწილი. ფოტო: თაბორის მთის პროექტის წინასაპროექტო კვლევიდან.

თაბორის მთის პროქტის ესკიზის ნაწილი. ფოტო: თაბორის მთის პროექტის წინასაპროექტო კვლევიდან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი