საქართველოს პრეზიდენტმა ბეშუმში შეკრებილებს უთხრა, რომ ის მათთან “ხელცარიელი” არ მისულა:
“ჩვენ წელს ბოლოჯერ ამოვდივართ აქ ცუდი გზით. ჩვენ დავიწყეთ გოდერძის და ადიგენის შემაერთებელი გზის მშენებლობა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა თავის გამოსვლაში გააკრიტიკა ოპოზიცია, რომელიც, მისი თქმით, კორუმპირებული ძალებისთვის აპირებს ხელისუფლების დაბრუნებას.
“ამას წინათ ერთ რომელიღაცა პოლიტიკოსს მოვკარი თვალი, რომელიც ამბობდა: კი, მთავრობამ ბევრი რამ ააშენა, მაგრამ ახლა წავიდეს და დაგვიტოვოს ჩვენ ეს ყველაფერი. მეტი საქმე არა მაქვს, რომ ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ დაგანგრევინოთ. ესენი ისეთი სპეციალისტები არიან ნგრევის, ჩვენი ცათამჯენები რომ ჩავუგდოთ ხელში, ორ თვეში აღარფერი დარჩება მათგან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი, რომლის მომხრეებიც ბეშუმის ცენტრში არიან მობილიზებული, ჯერ ბეშუმში არ გამოჩენილა. შეგახსენებთ, რომ ხვალ ბათუმში, ანბანის კოშკთან „ქართული ოცნების” აქცია უნდა გაიმართოს. ამ დრომდე ანალოგიური აქციები “ქართულმა ოცნებამ” გამართა თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორსა და მცხეთაში.