ბეშუმში დღეს სახალხო დღესასწაული შუამთობა აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათისთვის აჭარის მაღალმთიან კურორტზე საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა. მანამდე ბეშუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, რომლებიც წითელ მაისურებში იყვნენ გამოწყობილი, მიკროავტობუსებით ჩაიყვანეს აჭარის სხვადასხვა სოფლებიდან.
დღესვე, დილიდან იყვნენ ბეშუმში მობილიზებული “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, რომლებიც იქ მათი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას ელოდნენ. ივანიშვილი ბეშუმში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ბეშუმში შეკრებილ მოსახლეობას შუამთობა მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა, სადაც ოპოზიცია გააკრიტიკა.
“ქართული ოცნების” აქტივისტები ბიძინა ივანიშვილთან ერთად ბეშუმში ფეხით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ისინი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა ალყაში მოაქციეს და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ხელისუფლების მხარდამჭერები სკანდირებდნენ: “წადი! წადი!” “მიშა! მიშა!”
“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს, რის გამოც ივანიშვილისა და სააკაშვილის მომხრეები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ხელისუფლების მხარდამჭერები აგრესიულად ექცეოდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ მომხდარის გასაშუქებლად.
მოგვიანებით დაძაბულობა დაპირისპირებულ მხარეებს შორის განიმუხტა. ბიძინა ივანიშვილმა ბეშუმი დატოვა. ხვალ კი “ქართული ოცნება” ბათუმში, ანბანის კოშკთან გეგმავს მასშტაბური აქციის გამართვას.