ახალი ამბები

საკრებულომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ თანაინვესტირების ფონდის პროექტი დაამტკიცა

1 ნოემბერი, 2016 • 3187
საკრებულომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ თანაინვესტირების ფონდის პროექტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დღეს, 1 ნოემბერს,  თანაინვესტირების ფონდის მიერ შექმნილი “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის” განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა, რაც ბოტანიკურ ბაღთან, თაბორის მთაზე, გოლფის მოედნის, სასტუმროსა და  სარეკრეაციო ზონის მშენებლობას ითვალისწინებს.

განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცებას მხარი საკრებულოს 24-მა დეპუტატმა დაუჭირა.

თანაინვესტირების ფონდის მმართველმა დირექტორმა ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით, ცოტნე ებრალიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ საკრებულოს მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ კონკრეტული ნებართვებით, მაგალითად, სასტუმროს მშენებლობის ნებართვით, უკვე მერიას მიმართავდნენ.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციით, პროექტი შედგება ორი საკადასტრო ერთეულისგან, რომელთაგან ერთს “ფინსერვისი XXI” (100 000 კვ/მ),, ხოლო მეორეს “თაბორი რეზორთსი” (297 576 კვ/მ) ფლობს. ორივე კომპანია დაკავშირებულია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან.

კერძოდ, “თაბორი რეზორთსი” ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი თანაინვესტირების ფონდის შვილობილი კომპანიაა. “ფინსერვისი XXI”-ს კი ფლობს კომპანია, რომელიც, ამავდროულად, სოლოლაკში მდებარე იმ ბიზნესცენტრის მფლობელია, რომელშიც ივანიშვილი ცხოვრობს. 2016 წლის აპრილში ფინსერვისმა ბოტანიკურ ბაღს 4 ჰა ტერიტორია გაუცვალა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

თაბორის მთის პროქტის ესკიზის ნაწილი. ფოტო: თაბორის მთის პროექტის წინასაპროექტო კვლევიდან.

თაბორის მთის პროქტის ესკიზის ნაწილი. ფოტო: თაბორის მთის პროექტის წინასაპროექტო კვლევიდან.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს ამ პროექტთან დაკავშირებით 3 აგვისტოს მიმართეს. მეორე დღეს, 4 აგვისტოს, ჩატარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სხდომა, სადაც ყველა წევრი დაეთანხმა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემის საკითხს. ოქტომბერში გეგმარებითი დავალება საკრებულოში შევიდა.

საკრებულომ, გიორგი ალიბეგაშვილის 11 ოქტომბრის განკარგულებით, დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, რასაც დღეს, 1 ნოემბერს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცება მოჰყვა.

პროექტი, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი ახასიათებს, როგორც “400 000 კვ.მ „ახალი ფილტვებს“ ქალაქისთვის”, მოიცავს:

[checklist]

  • გოლფის სათამაშო მოედნები
  • ხელვნური ტბა
  • ღია სპორტული მოედნები
  • საფეხმავლო ბილიკები
  • გოლფ კლუბი
  • 80-ნომრიანი სასტუმრო
  • ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $60 მლნ აშშ დოლარი
  • პროექტის დასრულება დაგეგილია 2018 წლისთვის

[/checklist]

პროტესტი თაბორის მთის პროექტთან დაკავშირებით

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს ამ პროექტის არქიტექტურულ ნაწილთან პრეტენზიები ნაკლებად აქვს, მას “პანორამა თბილისის” ნაწილად აღიქვამენ და ეწინააღმდეგებიან.

“ტფილისის ჰამქარის” წარმოადგენელი, ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ თაბორის მთის განაშენიანება, რომელიც ისტორიულად არასდროს განაშენიანებული არ ყოფილა, ეწინააღმდეგება კანონს:

“არ შეიძლება საკითხი დაისვას ასე, მოგვწონს თუ არა არქიტექტურული პროექტი, არქიტექტურულ პროექტთან შეიძლება ნაკლები შეკითხვა იყოს, საკითხი უნდა დაისვას ასე: შეიძლება თუ არა ამ ტერიტორიის განაშენიანება, რომელიც არასოდეს ისტორიულად არ ყოფილა განაშენიანებული. კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ პირდაპირ არის მუხლი, რომ ის ტერიტორია, რომელიც ისტორიულად არასოდეს ყოფილა განაშენიანებული, არ უნდა განაშენიანდეს, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს. ეს უკიდურესი აუცილებლობა დასაბუთებული არ არის ამ პროექტიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ეს ტერიტორია უნდა დარჩეს ხელუხლებელი, ეს უნდა დარჩეს, როგორც სარეკრეაციო და ლანდშაფტური დაცვის ზონა,”- განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას ტფილისის ჰამქარის წარმომადგენელმა ცირა ელისაშვილმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილში მართლაც ვკითხულობთ, რომ “ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულმა ორგანომ მხოლოდ განსაკუთრებულ  შემთხვევაში და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასცეს ნებართვა ისეთი ტერიტორიის განაშენიანებაზე, რომელიც ისტორიულად არ ყოფილა განაშენიანებული”.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რა იყო ეს “განსაკუთრებული შემთხვევა” და როგორ ასაბუთებდნენ ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობას მისი ავტორები.

ცოტნე ებრალიძემ გვიპასუხა, რომ ეს იქნება სარეკრეაციო ტერიტორია, რომელიც ახლოს იქნება ქალაქთან და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს:

“ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვდივართ იქიდან, რომ თბილისს, დღეისათვის, სამწუხაროდ, არ აქვს ასეთი ტიპის სარეკრეაციო ზონები, რომელიც იქნებოდა საჯარო სივრცე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამიტომ, მგონია, რომ ამ ტიპის სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა ქალაქისთვის დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი. ეს ტერიტორია არის ძალიან ახლოს ქალაქთან, იძლევა იმის საშუალებას, რომ გაკეთდეს ძალიან კარგი სარეკრეაციო ზონა და ახლომდებარეობიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის. შეიქმნება ისეთი სივრცე, რომელსაც ალტერნატივა ქალაქში არ აქვს. ამიტომ, მგონია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ეს პროექტი გაკეთდება,”- განაცხადა მან.

“პარტიზანი მებაღე” ნატა ფერაძე საუბრობს იმის შესახებ, რომ მიუღებელია, ერთი ადამიანი ფლობდეს ქალაქის დიდ ნაწილს:

“ეს არის პანორამასთან სრულიად მიბმული პროექტი, რომელიც საბაგიროთი უკავშირდება პანორამა თბილისს და მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა. პირველ რიგში, რომ შევხედოთ მოქალაქის პოზიციიდან, თბილისის ერთი კუთხის მთლიანად ერთი ადამაინის მიერ დაკავება სრულიად მიუღებელია,”- განაცხადა მან.

საპროექტო ტერიტორია. ფოტო: თაბორის მთის პროექტის წინასაპროექტო კვლევიდან.

საპროექტო ტერიტორია. ფოტო: თაბორის მთის პროექტის წინასაპროექტო კვლევიდან.

დგას თუ არა ხეების გაჩეხვის საშიშროება?

ნატა ფერაძე ასევე საუბრობს საფრთხეზე, რომ თაბორის მთაზე, საპროექტო ტერიტორიაზე, შესაძლოა ხეები მოჭრან.

“გოლფის მოედანი არ ითვლება სარეკრეაციო ზონაში და დღესდღეობით ეს არის სარეკრეაციო ზონა, სადაც არის უამრავი საღი ხე. იშვითი უბანია თბილისის, სადაც ხეები არ არის დაავადებული, არის საღი.  ეს პროექტი, რაც გამოქვეყნებულია, როგორც სჩვევიათ ივანშვილის პროექტებს, ყველგან ახატავენ ხეებს, რაც რეალურად განუხორციელებელია. პირველ რიგში, მაქვს პრეტენზია იქ, რომ საჯარო სივრცე აღარ არის, საჯარო მწვანე სივრცეები სერიოზულ დეფიციტშია ქალაქის გარშემო და ეს უნდა დარჩენილიყო საჯარო სივრცედ, ისე უნდა მოევლოთ და მოვლაში იგულისხმება რაღაც მცირე ზომის ბილიკების გაკეთება, სავარჯიშო, დასაჯდომი ადგილები, რომ შეიძლებოდეს გავლა,”- განაცხადა ნატა ფერაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

ხეების გაჩეხვის საფრთხეზე საუბრობენ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები:

“შენობა-ნაგებობები როგორ აშენდება, როდესაც საუბარი არის, რომ მთლიანად არის განწვანებული ხელოვნურად დარგული წიწვოვანი ნარგავებით და შემდეგ საუბარი არის იქ სასტუმროების, გოლფის მოედნების და ა.შ. მშენებლობაზე. გოლფის მოედანი მინიმუმ ტელევიზიით მაინც ყველას უნახავს და კარგად ვიცით, რომ ხეები არ არის გოლფის მოედანზე. როცა ვსაუბრობთ გოლფის მოედგნებზე, როდესაც ვსაუბრობთ შენობა-ნაგებობების აშენებაზე ტერიტორიაზე, სადაც თავად მიწის ნაკეთის მესაკუთრე საუბრობს, რომ არის ძალიან ბევრი და ხშირი გამწვანება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი, ასეულობით ხე მოიჭრება,”- განაცხადა ირაკლი აბესაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

თანაინვესტირების ფონდის მმართველი დირექტორი ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით ცოტნე ებრალიძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ თაბორის მთაზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც ფონდი პროექტს ახორციელებს, 11 669 ხიდან მხოლოდ 3 500 არის ჯანსაღი, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 30%-ს შეადგენს.

ცოტნე ებრალიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი დაავადებული ხეების ადგილიდან გატანა იქნება საჭირო, ისინი სხვა ხეებით ჩანაცვლდება.

“ინდივიდუალური მოქმედების გეგმა უნდა შევიმუშაოთ თითოეულ ხესთან მიმართებაში, იმიტომ, რომ დაავადების ხარისხიც განსხვავდება ერთმანეთისგან. არის ხეები, რომლებიც დაავადებულია და რომლებსაც არაფერი ეშველება. არის ხეები, რომლებიც დაავადებულია, მაგრამ შეიძლება სწორი მკუნრალობით მდგომარეობა გამოსწორდეს და ეს ხეები არ დავკარგოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობის ხეები გადავარჩინოთ იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ვაკეთებთ სარეკრეაციო ზონას. ჩვენ ეს ხეები რომც გავიტანოთ ტერიტორიიდან, რასაც გავიტანთ, მინიმუმ ორი იმდენის შემოტანა მოგვიწევს უკან. გატანა ცალკე ხარჯია და შემოტანა და იმის გაზრდა კიდევ ცალკე ხარჯი და ინვესტიციაა,”- განაცხადა ცოტნე ებრალიძემ ნეტგაზეთთან საუბრსას.

რაც შეეხება საკითხს, შეძლებენ თუ არა ამ ინფრაქტრუქტურით სარგებლობას მოქალქეები, ცოტნე ებრალიძემ განაცადა, რომ გარდა კონკრეტული სერვისებისა (გოლფის მოედანი, ჩოგბურთის კორტები), რისთვისაც თანხის გადახდა იქნება საჭირო, სხვა სარეკრეაციო ზონით მოქლაქეები სარგებლობას დაუბრკოლებლად შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი