საკაბელო ოპერატორებმა დაიწყეს სატელიტური მაუწყებლების სიგნალის ტრანზიტი.
საკაბელო ოპერატორ “სუპერ TV”–ის წარმომადგენელი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ მათ არანაირი შეფერხება არ აქვთ და “მე–9 არხი”, “მაესტრო” და “კავკასია” უკვე ჩართულია მათ ქსელში. საკაბელო ოპერატორმა GNN–მა კი გუშინ ჩართო ყველა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე არხი.
“კავკასუს ტვ”–ის მომხმარებელს უკვე შეუძლია “მეცხრე არხის” და “მაესტროს” ნახვა. აღნიშნული ტელეარხები საკაბელო ოპერატორმა გუშინ, 18:00 საათზე ჩართო.
“გლობალ ტივის” განვითარების დირექტორი ზურაბ ბაზლიძე კი აღნიშნავს, რომ “რუსთავი 2”–თან სასამართლო დავის მიუხედავად, აღნიშნული ტელევიზია უკვე სამაუწყებლო პაკეტშია.
“დიახ, ჩვენ მოგვმართა “რუსთავი 2–მა” და სურვილი გამოთქვეს, რომ აღგვედგინა მისი მაუწყებლობა ჩვენს სამაუწყებლო პაკეტში. თქვენ იცით, რომ ჩვენ მათთან გვაქვს სასამართლო დავის პროცესი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მზად ვართ ყველაფრისთვის. მაგრამ რადგანაც ვიმყოფებით დავის პროცესში, უმჯობესი იქნებოდა ჩვენი სურვილები დაგვეკმაყოფილებინა წერილობით. თუმცა, მათ ამაზე უარი განაცხადეს. ეს პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენთვის. გუშინ რუსთავი 2 და ტელეკომპანია “საქართველოს” მაუწყებლობა აღვადგინეთ, დღეს ასევე აღდგება ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობაც, მნიშვნელობა არ აქვს, მოგვმართავენ თუ არა ისინი წერილობით”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” ბაზლიძე.
გარკვეულ ტექნიკურ შეფერხებაზე საუბრობს “ნეტგაზეთთან” საკაბელო ოპერატორი “მედია TV”–ის წარმომადგენელი. კერძოდ, მათ გარკვეული ტექნიკური შეფერხება აქვთ “მე–9 არხის” ჩართვასთან დაკავშირებით, თუმცა იმედოვნებენ, რომ დღის ბოლომდე ეს პრობლემაც აღმოიფხვრება.
“მე–9 არხმა მოგვმართა, მაესტრო და დანარჩენი ტელევიზიები ჩვენ ჩართული გვაქვს. ტექნიკურად მცირე შეფერხება გვაქვს და ალბათ გამოსწორდება. დღის ბოლომდე ჩავსვამთ პაკეტში მე–9 არხსაც”, – აღნიშნავენ “მედია TV”–ში.
‘’სილქნეტის’’ პრესსამსახურის უფროსის ნინო დარასელის განცხადებით, სილქნეტი იღებს ვალდებულებას, ‘’საქართველოს საარჩევნო კოდექსში’’ შეტანილი ცვლილებების თანახმად, მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა ძირითად პაკეტში განათავსოს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეარხები.
“მაუწყებლის ჩართვა განხორციელდება დაუყოვნებლივ, მაქსიმალურად მოკლე ვადებში, იმ მომენტიდან, როცა ტელეკომპანიის მხრიდან წარმოდგენილი იქნება იმ ჩართვის მოთხოვნა და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია და მოწყობილობა. მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტში ტელეარხის განთავსება ხდება მაუწყებლის მოთხოვნით არჩევნების დღემდე.
ამ ეტაპზე ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ უკვე მიმართა სილქნეტს ჩართვის მოთხოვნით და კანონით დადგენილი პროცედურების დასრულებისთანავე უახლოეს პერიოდში, დღის ბოლომდე სილქტვ-ის ნებისმიერი პაკეტის მაყურებელს ექნება საშუალება, მიიღოს ამ არხის სიგნალი, ყოველგვარი დამატებითი ტარიფის გარეშე”, – აღნიშნავენ “სილქნეტში”.
დღეიდან საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც საკაბელო ტელევიზიების მომსახურებით სარგებლობს, კანონით ეძლევა საშუალება, საერთო ეროვნული მაუწყებლების გარდა, ინფორმაცია მიიღოს ისეთი ტელევიზიებიდან, როგორიცაა, მაგალითად, “მაესტრო”, “კავკასია” და “მე-9 არხი”.
მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ლიცენზირებული საერთო მაუწყებლების სავალდებულო ჩართვას საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი ავალდებულებს, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან “Must Carry”-ის შესახებ წარმოებული კამპანიის შედეგად იქნა მიღებული.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია), აგრეთვე, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის.
აღნიშნული ვალდებულება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან 3 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი გამოიწვევს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო მაუწყებლების სავალდებული ტრანზიტი საკაბელო ოპერატორებმა დღეიდან, 3 აგვისტოდან უნდა დაიწყონ.