ახალი ამბები

2030: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება

31 ოქტომბერი, 2016 • 2218
2030: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება

ონლაინ გამოცემა 2030.news იუწყება, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ამჟამინდელი აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაიკავებს. სააგენტოს ცნობით, პოლიტიკური გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებაში” უკვე მიღებულია.

2030-მა, რომელიც “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანია GDS-ის საკუთრებაა, ეს ინფორმაცია დღეს, 31 ოქტომბერს გაავრცელა.

ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” პროპორციული სიის მესამე ნომერია. ეს ინფორმაცია მანამდეც არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ამ თემაზე პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა არც კატეგორიულად გამოურიცხავს მისი შესაძლოა წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.

“ქართულ ოცნებას”, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, წინასაარჩევნო პერიოდში არ განუცხადებია საჯაროდ, თუ  ვინ იქნებოდა პარტიის პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი, თუმცა ცესკოს წინასწარი შედეგით, “ქართულ ოცნებას” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და 115 მანდატით იქნება წარმოდგენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევას,  ისე ნებისმიერი სხვა საკანონმდებლო ცვლილებას დამოუკიდებლად შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი