ნეტგაზეთი | კვირიკაშვილი: შევძელით უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება კვირიკაშვილი: შევძელით უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება – Netgazeti

კვირიკაშვილი: შევძელით უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 31 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგი გამართა და მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს ნდობისთვის.

კვირიკაშვილმა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერია, განაცხადა, რომ “ყველას შეფასებით 2016 წლის არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე, და დემოკრატიული”.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს ნდობისთვის და განაცხადა, რომ “ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავა”.

“პირადად ჩემთვის, ქართული ოცნებისთვის და ჩვენი გუნდის ყველა წევრისთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მე მჯერა, რომ ამას თავს გავართმევთ და ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ. ქართული ოცნების მხარდაჭერით თქვენ ხმა მიეცით თავისუფლებას, სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ არჩევნების შედეგები აისახება ყოველი თქვენგანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე”.

კვირიკაშვილმა არჩევნებს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნები უწოდა და განაცხადა, რომ პატივს სცემს ყველა მოქალაქის არჩევანს,”იმის მიუხედავად, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა”.

“ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით, ქართულმა ოცნებამ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 31 ოქტომბერს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი