“მე ვთვლი, რომ ჩვენ ძალიან კარგი მაჟორიტარი კანდიდატები წამოვაყენეთ, ძირითადად, თუმცა შეიძლება იქ ერთი-ორი იყოს შეცდომა და არ გამოვრიცხავ, რომ იქ კორექტირება მოგვიწიოს, ერთი ან ორი კორექტირება”, – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა “იბიექტივის” ჟურნალისტს, რომელმაც მას “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების გამო მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ივანიშვილი, რომელიც პირადად ასახელებდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ კანდიდატებს და ხშირად იმეორებდა, რომ მაჟორიტარ კანდიდატებთან მიმართებაში საბოლოო გადაწყვეტილებას პირადად იღებდა, ამჯერად ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი პარტიები იყვნენ ჩართული.
“ერთი კაცი არ წყვეტდა ამას. პარტიები ცდილობდნენ წამოეყენებინათ კანდიდატები… ვაქტიურობდით ყველანი და შეუცდომელი არავინაა”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისივე თქმით, კოალიციამ მაჟორიტარების შესარჩევად რაიონებში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევები:
“ჩვენ ვახერხებდით 300-500 კაცის გამოკითხვას თითოეულ რეგიონში”, – აცხადებს ივანიშვილი.
მისივე თქმით, შეუძლებელია იდეალური კანდიდატის შერჩევა, რომელიც რაიონის ყველა მოქალაქისთვის შეიძლება იყოს მისაღები.