
დღეს, 2 აგვისტოს აღნიშნულმა პარტიებმა მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელეს იმერეთის ხუთ საარჩევნო ოლქში.
ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, რომელიც “ვარდების რევოლუციამდე” იმერეთის გუბერნატორი იყო, ხოლო უფრო ადრე კი – ქუთაისის მერი.
„დღეს როგორც ვითარდება საქართველო, ეს არის ანტიქართული და ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ის, რომ საქართველო იმართებოდეს ეროვნული განწყობიდან გამომდინარე. 1 ოქტომბრის არჩევნები არის ქვეყნის პოლიტიკური დიდგორი. ამ დიდგორზე იბრძვიან 2 მიმართულების ადამიანები. პირველი, ეს არის, ვინც ხმას ყიდის და მეორე, ეს არის, ვინც ხმას არ ყიდულობს. დღეს საქართველოში საქართველო გვყავს გადასარჩენი,“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
შაშიაშვილის გარდა, ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები არიან – “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერუ გუბაზ სანიკიძე (“ქართული ოცნება”), ქუთაისის საკრებულოს წევრი მამუკა მღვდელაძე (“ახალი მემარჯვენეები”), ხოლო მმართველი პარტიის სავარაუდო კანდიდატია ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე.
კუკავა-ასათიანი-შაშიაშვილის პოლიტიკური გუნდის საერთო კანდიდატი ხარაგაულში იქნება გია ყრუაშვილი, ჭიათურაში – თემურ ჯაფარიძე, ბაღდათში იაგო გულებაძე, ხოლო თერჯოლაში – იაზონ აბულაძე.








