ახალი ამბები

ბაგრატის ტაძრის გადახურვის დეტალები დგინდება

1 აგვისტო, 2012 •
ბაგრატის ტაძრის გადახურვის დეტალები დგინდება
ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ დაათვალიერა:
 
 
“მისი ნანგრევებად დატოვების უფლება ჩვენ არ გვქონდა. ამას ითხოვდა ჩვენი ეკლესია, ჩვენი ხალხიც და სახელმწიფომ, ბუნებრივია, ადეკვატურად იმოქმედა ამაზე. შემუშავადა ბრწყინვალე გეგმა, მოწონებული ყველა კომპეტენტური კომპანიისგან და დღეს ამ გეგმის ბოლო ეტაპია. სექტემბრის თვეში ბაგრატი თავისი პირველქმნილი მშვენიერებით  წარდგება ჩვენ წინაშე,” – განაცხადა კულტურის მინისტრმა.
 
 
მისივე თქმით, ამ დროისთვის დგინდება ტაძრის გადახურვის დეტალები და ვადები, ხოლო ტაძრის შიგნით სამუშაოები გაწერილი განრიგის შესაბამისად მიმდინარეობს:
 
 
“ძალიან ორგანულად არის შერწყმული ახალი ნაწილები ძველ ნაწილებთან, ფაქტობრივად, იქნებოდა დანაშაული ამის ნანგრევებად დატოვება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება,” – განაცხადა რურუამ.
 
 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ბაგრატის ტაძრის სეისმური მდგრადობა ნულოვანი მაჩვენებლიდან 8– ბალიანი რყევის გაძლების კონდიციამდე ამაღლდა. მისივე თქმით, ბაგრატის ტაძარი ზუსტად იმ ფერისა და ხარისხის მასალით გადაიხურება, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში იყო გამოყენებული.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბაგრატის ტაძარს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამორიცხვის საფრთხე დაემუქრა, თუმცა ამ საკითხის განხილვა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 26 ივნისს გამართული 36-ე სესიის გადაწყვეტილებით, 2013 წლისთვის გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი