მთავრობის სხდომა ქუთაისში დღეს, 1 აგვისტოს, 12 საათზე დაიწყო, თუმცა ის ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის დაწყებისას რამდენიმე წუთით მხოლოდ ტელეოპერატორები შეუშვეს სხდომის კადრების გადასაღებად.
ამ დროისთვის სხდომა უკვე დასრულებულია, თუმცა მინისტრებს არც ამის შემდეგ გაუკეთებიათ რაიმე კომენტარი მედიისთვის იმის თაობაზე, თუ რა საკითხები იქნა განხილული დღევანდელ სხდომაზე.
სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ახალი სამთავრობო პროგრამის – “მეტი სარგებელი ხალხს” – მნიშვნელობაზე და ამის შესახებ მოსახლეობის მასობრივად ინფორმირების აუცილებლობაზე.
“ერთი კვირის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა დარჩება იმერეთში, მთელ იმერეთს მოივლიან, გამართავენ მოსახლეობასთან შეხვედრებს, მოისმენენ მოსახლეობის პრობლემებს… შევხვდებით გლეხებს და გავაცნობთ გეგმებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს ხანში იმერეთში, კერძოდ, ვანსა და ხარაგულში, კიდევ ორი ახალი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყება, ასევე დაგეგმილია სოფლებში სკოლების რეაბილიტაცია.
მთავრობის სხდომის შემდეგ საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ბაგრატის ტაძარზე გადაინაცვლა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს; ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია კოპიტნარში ჩავიდა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტი ხორციელდება. ხოლო განათლების მინისტრი ხატია დეკანოიძე რამდენიმე სკოლას მოინახულებს.