ახალი ამბები

ივანიშვილი საქართველოს მთავრობასთან საერთაშორისო სამართლებრივ დავას იწყებს

1 აგვისტო, 2012 • • 1130
ივანიშვილი საქართველოს მთავრობასთან საერთაშორისო სამართლებრივ დავას იწყებს

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

“საერთაშორისო იურიდიულმა ფირმა “სკადენმა” ითავა ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლობა და დაცვა მისი დარღვეული საინვესტიციო უფლებების დასაცავად, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შელახა”, – აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ამ სასამართლოს დებულების შესაბამისად, ფირმა “სკადენმა” ბიძინა ივანიშვილის სახელით მოამზადა იურიდიული დოკუმენტი “უკანასკნელი შეტყობინება დავის შესახებ”.

“ეს დოკუმენტი დავის დაწყებას მოასწავებს. დავა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელმაც გასული წლის ოქტომბრის თვიდან მრავალი პოლიტიკურად მოტივირებული უკანონობა ჩაიდინა ივანიშვილის მიმართ,” – აღნიშნა ფანჯიკიძემ და აქვე დასძინა, რომ გუშინ, 31 ივლისს ეს შეტყობინება უკვე ჩაბარდა საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს.

“პროცდურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას მიეცა გონივრული ვადა – 14 დღე, რათა მან აღიაროს ჩადენილი უკანონობანი და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით შეთანხმებას მიაღწიოს. ბიძინა ივანიშვილის უფლებების დასაცავად შერჩეულ იქნა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტი, როგორიც არის მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრი”, – უთხრა ჟურნალისტებს პრესსპიკემა ფანჯიკიძემ.

“ქართული ოცნების” ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი, ივანიშვილის იურიდიული ჯგუფის წარმომადგენელი არჩილ კბილაშვილი განმარტავს იმ სადავო საკითხებს, რაც ივანიშვილს საქართველოს მთავრობის მიმართ გააჩნია.  

“ეს არის იმ დარღვეული უფლებების ჩამონათვალი, რომელიც საინვესტიციო ასპექტში დაფიქსირდა გასული წლის ოქტომბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო “ბანკ ქართუსთან” დაკავშირებული მთელი რიგი უკანონობები. კერძოდ, ეს იყო კანონის შეცვლა, რომლის საფუძველზეც “ბანკმა ქართუმ” 119 მილიონი ლარის ზარალი ნახა. ეს კანონის შეცვლა ეხებოდა იპეოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი ქონების გაუფასურებას. ეს ეხებოდა ბანკის უკანონოდ დაჯარიმებას, თითქოს ის ბონუსები, რომელიც ბანკმა თანამშრომლებზე გასცა, უკავშირდებოდა პოლიტიკურ მოტივაციას. ეს შეეხება იმ უკანონო რეიდს, რომელიც შსს–მ მოაწყო გასული წლის ოქტომბერში, როდესაც ფულის გათეთრების ბრალდებით ბანკის საინკასაციო მანქანა იქნა დაკავებული და თანხა ამოღებული, ხოლო მოგვიანებით, ორი თვის თავზე, დაბრუნებული. ეს შეეხება ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლით ბანკიდან კლიენტების გადინებას, როდესაც ოქტომბერში ბანკიდან გაედინა 45 მილიონი ლარი, ეს ეხება იმ სახელმწიფო ორგანიზაციებს, ვინც იქ ანგარიშები დახურეს და ასევე იმ კლიენტებს, ვინც ასევე ამ სტრუქტურების ზემოქმედებით ბანკი დატოვეს. ეს ეხება ყადაღას, რომელიც დაედო “პროგრესს ბანკში” ბატონ ბიძინას წილს”, – განმარტა კბილაშვილმა.

კბილაშვილის თქმით, 2 კვირის ვადაში მთავრობამ უნდა აღიაროს ჩადენილი უკანონობა და ბატონ ბიძინას სამართლებრივ მრჩევლებთან ერთად დაიწყოს მოლაპარაკება ზიანის ანაზღაურების შესახებ.

“რასაკვირველია, არავის აქვს იმის ილუზია, რომ დღეს ეს მთავრობა ან პირველს გააკეთებს, ან მეორეს, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან აუცილებელი პროცედურული ნაბიჯი, რომელიც საჭიროა შემდგომი ეტაპების განსახორციელებლად. ორკვირიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემთხვევაში მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის ცენტრს დაუყოვნებლივ წარედგინება საჩივარი, მოთხოვნა, რის შემდეგაც დავას მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტული სამართალმცოდნეები განიხილავენ”, – ამბობს კბილაშვილი.

კბილაშვილს ჯერჯერობით უჭირს სადავო თანხის მოცულობის დაზუსტება, თუმცა აქვე ამბობს, რომ სადავო თანხა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი იქნება.   

“ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ის დარღვევა, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით ზიანის მომტანია, იმ მომენტიდან, ანუ ოქტომბრიდან დაწყებული, როდესაც კონკრეტულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, უკვე მათ ერიცხებათ გარკვეული პროცენტები და დავა როდესაც დასრულდება, ანაზღაურებას დაექვემდებარება არა მხოლოდ ის ზიანი, რაც დადგა, არამედ ამ თანხებზე დარიცხული პროცენტები, რომელიც ბანკთა შორის ბირჟის მონაცემების მიხედვით გაირკვევა”, – განაცხადა კბილაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ დავა საერთაშორისო სასამართლოში შესაძლოა ორ წელიწადს გაგრძელდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი