ახალი ამბები

ID ბარათი საქართველოში ნახევარ მილიონამდე მოქალაქემ აიღო

1 აგვისტო, 2012 •
ID ბარათი საქართველოში ნახევარ მილიონამდე მოქალაქემ აიღო

იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნული ბარათების გაცემა საქართველოში ერთი წლის წინ, 2011 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც,  სამინისტროს მონაცემით, 424 464–მა მოქალაქემ აიღო.

 

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორენოვანი ელექტრონული ID ბარათით მოქალაქეებს შეუძლიათ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაკვეთონ საზღვარი, ასევე, მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ საკუთარი პერსონალური ინფორმაციის იუსტიციის სახლის ვებგვერდზე (www.my.gov.ge) დათვალიერება, რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად შეცვლა და ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის მაღება და სხვა.

 

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის 12 ივნისიდან ID ბარათების, იგივე სტუდენტური ბარათების გაცემაც დაიწყო. ბარათზე განთავსებულია ინფორმაცია სტუდენტის შესახებ, რის შემდგომაც სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ სხვადასხვა ფასდაკლება  საჯარო და კერძო სექტორში.  

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ID ბარათი უფასოდ გაიცემა “სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001–ს არ აღემატება, სტუდენტებზე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ საქართველოს მოქალაქეებზე და პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით.”

 

საქართველოში ID ბარათების გაცემასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი შარშან, 2011 წელს გაიყო, მას შემდეგ ბარათების გაცემა წმინდა სინოდის განხილვის ერთ-ერთი საკითხი გახდა. უკანასკნელად აღნიშნულ თემაზე  წმინდა სინოდმა 2012 წლის ივლისის დასაწყისში იმსჯელა. რის შემდეგაც დაასკვნა, რომ “სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.”

 

ID ბარათების გაცემას ამ დრომდე ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი და ზოგიერთი სასულიერო პირი. დეკანოზი ბასილ ახვლედიანი,  სიონისა და ყორანთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის  მოძღვარი, საკუთარ  მრევლს  ბიომეტრული პირადი ბარათების აღებისთვის ერთწლიანი უზიარებლობით სჯის. ერთწლიან უზიარებლობასთან ერთად, მრევლი, რომელიც უკვე სარგებლობს ბიომეტრული ბარათებით,  მოძღვრისგან სხვა ეპიტამიასაც [მოძღვრისგან ქრისტიანისათვის სასჯელად დაკისრებული მოვალეობა] მიიღებს. 

 

„გვაჩვენონ, სად არის ის სამი ექვსიანი და წავშლით. ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ყოველთვის თან ახლავს მსგავსი საუბარი. რელიგიური ფაქტორები გათვალისწინებულია და კომპიუტერული პროგრამები ერთად სამი ექვსიანის კომბინაციას ნომრის შედგენის დროს არ ალაგებს“, _ განუცხადა  “ნეტგაზეთს”  იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენელმა ვალერი ტყეშელაშვილმა 2011 წელს. როდესაც ეს თემა საქართველოში აქტუალური გახდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი