ახალი ამბები

ცესკოს ცნობით, 2 229 უბანზე არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

29 ოქტომბერი, 2016 • 1350
ცესკოს ცნობით, 2 229 უბანზე არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

დღეს, 29 ოქტომბერს, ცესკოში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტურები 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

ცესკოში აცხადებენ, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას 2 478 042 ამომრჩეველი მიიღებს.

30 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუგრძელა აკრედიტაციის ვადა სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებს. ასევე, 7 მედიაორგანიზაციის 582-მა მედიაწარმომადგენელმა, 10 საერთაშორისო ორგანიზაციის 221-მა და 44 ადგილობრივი ორგანიზაციის 12 122-მა დამკვირვებელმა გაიარა რეგისტრაცია  მეორე ტურების დაკვირვების მიზნით.

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ყველა უბანს გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია და ხვალ, დილის 8 საათიდან ყველა უბანი მზად იქნება არჩევნების ჩატარებისთვის.

ანა მიქელაძის თქმით, მცირედ მხედველებისთვის იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლოებისთვის ჩარჩო-ფორმა, ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის 754 უბანია ადაპტირებული, რომლებიც ხმის მიცემის სპეციალური კაბინებითაა აღჭურვილი.

“დაუშვებელია ამომრჩევლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა, მივმართავ ყველა ჩართულ მხარეს, ხელი შეუწყონ ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას”, – განაცხადა ცესკოს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები იმართება 50 ოლქში. მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები გაიმართება აჭარის ექვსივე ოლქში, ახალციხეში – მერის, ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები ჩატარდება. ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში, საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად, აცხადებენ ცესკოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი