ახალი ამბები

დემოკრატიული მოძრაობა ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტისკენ მოუწოდებს

29 ოქტომბერი, 2016 • 1289
დემოკრატიული მოძრაობა ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტისკენ მოუწოდებს

დემოკრატიული მოძრაობა თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ არჩევნების მეორე ტურში არ მიიღონ მონაწილეობა.

“არ დაუჭიროთ მხარი არც გამყალბებელ ქართულ ოცნებას და არ დაუჭიროთ მხარი დამნაშავე ნაციონალურ მოძრაობას”, – წერია დღეს, 29 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ ორმა პარტიამ ერთმანეთთან თანამშრომლობით საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გააყალბეს, რაზეც მიუთითებს ასეულობით გაყალბებული ოქმი და ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ არც ერთი უბნის გახსნა და გადათვლა არ დაუშვა.

“იმისათვის, რომ გარიგებული არჩევნები ბოლომდე საკუთარი სცენარით ჩაამთავრონ, დემოკრატიულ მოძრაობას და ყველა კვალიფიციურ პარტიას მეორე ტურში დამკვირვებლების ყოლის უფლება ჩამოართვეს. ეს იმისთვის, რომ არავინ მათ დანაშაულებრივ გარიგებას არ დააკვირდეს, საჩივრები არ დაწეროს და შემდეგ საზოგადოებას არ ამცნოს. სწორედ ამიტომ, დემოკრატიულმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნების მეორე ტურს და გამოიწვიოს უბნებიდან თავისი კომისიის წევრები,”- აცხადებენ პარტიაში. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ, 30 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას ქართული ოცნების მაჟორიტარობის 49 კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის 45 კანდიდატი მიიღებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი