ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გარდაუვალის დადგომამდე

1 ნოემბერი, 2016 • 1367
გარდაუვალის დადგომამდე

”ქვეყანა, რომელმაც მთებში ეს შახტები, ქალაქები და დაბები ააშენა, დიდი ხანია, აღარ არსებობს. გიგანტური საბჭოთა ექსპერიმენტი ადამიანებსა და ხალხებზე მარცხით დასრულდა. საბჭოთა ხალხს და ტყვარჩელელების ,,მოდგმას“ ერთი ბედი ერგო.. ჯანტუხას შვილები – მცირე ხნით გამოზომილ დროში არსებობენ, გარდაუვალის დადგომამდე“.

ბავშვობაშიც და მერეც, დიდხანს, ტყიბული და ტყვარჩელი ერთმანეთში მერეოდა. უფრო მოკლე ხანში დავიხსომე, რომ ერთი აფხაზეთის ტერიტორიაზეა, მეორე – იმერეთის. როგორი საოცარი დამთხვევაა, ორივეს არეალი წარმოუდგენელ სილამაზეს მოუზომავს.

ოთო ლაკობას და ახრა სმირის არაჩვეულებრივ რეპორტაჟში, რომელსაც “ჯანტუხელები“ ჰქვია, ამ სილამაზეს რაღაც მშვიდი უიმედობა აქვს შერეული და არ ვიცი, ამიტომაა, თუ იმის გამო, რომ ეს პეიზაჟები, მიტოვებული ადამიანების და ინდუსტრიული არეალის ბედი რაღაცით ძალიან ჰგავს ჩვენსას, ჩემი ძველი ასოციაციები გამახსენდა. უნდა გამოვტყდე, რომ პარადოქსულად კი ჟღერს, მაგრამ გამოსავალი იყო ჩემთვის.

27-დან 30 სექტემბრამდე, ე.ი. სოხუმის დაცემა/გათავისუფლების დღიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღემდე, რაკი სოციალური ქსელები არსებობს, ქართველები და აფხაზები საგრძნობლად ააქტიურებენ ელექტრონულ ბატალიებს. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება და თუ უმეტესად, ყველას გვაქვს იმის განცდა, რომ ქართული საზოგადოება მაინც რაღაცწილ წინ წავიდა, გამოეყო აგრესიის პარადგიმას და სხვა პრობლემებზე, სხვა ენით ალაპარაკდა, ამ დღეებში ყოველ წელს მტოვებს ეს განცდა. წელს კიდევ უფრო მეტად მომეჩვენა, რომ ახლო წარსულის ეს გააზრება სიმულაციური იყო. თუ ჩაეძიებით, ბევრი ვერ გიპასუხებთ, რა გაიგო მეორე მხარის შესახებ ახალი, მეტიც – ვინც მოპირდაპირე მხარის ადამიანების წარსული, მოტივაცია და გადატანილი განსაცდელი გაიგო, მათი ცნობიერებაც უკან სხლტება, ,,კოლექტიურ მშობლიურში”, რომელიც მუდამ შეეცდება “ჩამოუყალიბლების“ და “გზააცდენილების“ უკან შეთრევას.

,, კოლექტიური მშობლიური“ კომფორტის ზონაა, აქ თითის წოვა და მარცხის შემდეგ დამშვიდება შეიძლება. პირველი ( თუმცა, არაუკანასკნელი), რაც ჩვენს საზოგადოებაში მარცხის კომპლექსის ეპიდემიურობაზე მიუთითებს – მტრის იდენტიფიკაციის სირთულეა ( რუსეთი+ აფხაზები+ ოსები – სხვადასხვა, ხანდახან მოულოდნელი კონფიგურაციით, მაგალითად, ზოგს აქედან, რომელიც ერთი ელემენტის მიმართ აუსხნელი ან ახსნადი სიმპათიები აქვს), მისთვის უზომო ძალის მიწერა ( ყველა პოლიტიკური და სოციალური მოვლენის უკან, რაც კი ქვეყანაში ჩვენთვის მიუღებელია, რუსეთი დგას ) ამის გამო მისი სრული, ოღონდ სხვისი, ბედის, ბედისწერის, ბუნებრივი კატასტროფის განადგურების ლოდინი, მანამდე კი ქვების/ კენჭების გროვება ), საკუთარი თავისთვის თუმცა კი ძნელი, მაგრამ შესრულებადი მიზნების ვერდასახვა ( პირველი ეტაპისთვის – ორი კონფლიქტის რაციონალური ხედვის უნარის შეძენა და ამისთვის შესასრულებელი სამუშაო ).

უკვე სრულიად შეუძლებელი, არასაინტერესო და არაპროდუქტიული მეჩვენება სოციალური ქსელების არსებობის და იქ აფხაზებთან თუ ოსებთან ურთიერთობის შანსის იმისთვის გამოყენება, რომ დროდადრო ერთმანეთი დავაწიოკოთ, შევურაცხყოთ, ერთად გავიხსენოთ მოვლენები, რომლების ერთად გახსენებას, რამდენიმე მიზეზის გამო, ისე ვერ მოვახერხებთ, როგორც დღეს მეოცე საუკუნის ომების ჯერ ცოცხალი მოწმეები ახერხებენ. გამოსავალი იყო-მეთქი, როდესაც ვწერდი, რა თქმა უნდა, იმას ვგულისხმობდი, რომ ამაზე წერა ძალიან გამიჭირდებოდა – არც ერთი მხარე ამ ბატალიებში ლამაზად არ გამოიყურება. მე ქართველი ვარ და ქართულ მხარეს – ეს რატომღაც სხვებს ბუნებრივად არ ეჩვენებათ – მეტს ვთხოვ.

როგორც ვთქვი, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთი, არც ისე უმნიშვნელო, ისაა, რომ ურთიერთობის მოგვარების საკუთარი ინციატივები არ გაგვაჩნია. ჩვენ არ ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ გვახვედრებენ სხვადსხვა უცხოური სახელმწიფო ინსტიტუციები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენ მოდუნებული ველით სიამოვნების მიღებას. ჩვენ, მხარეები არ ვაფინანსებთ ამ შეხვედრებს, როგორც წესი, სხვები გვიფინანსებენ. ისეთი თემების წამოწევითაც კი არ ვიწუხებთ თავს, რომლებიც პოლიტიკის სფეროს უშუალოდ არ მიეკუთვნება, რომლებიც ერთნაირად გვაწუხებს ორივე საზოგადოებას – მათზე მუშაობის პროცესში, თანამშრომლობაში ბევრად ადვილი იქნებოდა ერთმანეთისთვის ახალი თვალით შეხედვა და ერთმანეთის ტყავის მოსინჯვა. ჩვენ უმწიფარი ადამიანებივით და პირველყოფილი საზოგადოებებივით გვსვამენ ერთმანეთის პირისპირ და გვთხოვენ, ეს პლანეტა აგრესიის კიდევ ერთი კერით არ დავამძიმოთ. პარადოქსი არ არის, რადგან ამას მიზეზი აქვს – უმწიფრობა, მაგრამ ძალიან არასასიამვნო და შეურცხმყოფელია ამ პრიმიტიულ-პირველყოფილ მდგომარეობაში, კოლონიალურ პასივში ყოფნის გააზრება. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, მხარეს, რომელიც გარკვეულ ძალისხმევას თავად აფინანსებს, მისი შედეგების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა აქვს.

ასეთი შეხვედრების მოსაწყობად ევროპაში ფრენა და შესაბამისი ხარჯების გაღება სულ არაა აუცილებელი. ორივე მხარეს თურქეთი გვემიჯნება, ქვეყანა, რომელშიც ქართული და აფხაზური დიასპორის ერთი ნაწილი შესანიშნავ თანამეზობლობაში ცხოვრობს – მათთვის სასიამოვნო და საინტერესო იქნებოდა აფხაზურ-ქართული შეხვედრების მასპინძლობა.

ტყიბულის და ტყვარჩელის ბმა მარტო მე არ მიტრიალებს თავში – ,, ჯანტუხელების“ ავტორი, ახრა სმირიც ახსენებს ტყიბულს გაკვრით, როგორც მაღაროელთა ქალაქს, რომელმაც ტყვარჩელის ბედი გაიზიარა. ეს მთლად ასე არ არის, ამ ორი ქალაქის მკვიდრებს სხვადასხვა პრობლემა უდგათ. ტყვარჩელში ველური მეთოდებითაც კი აღარ ხდება წიაღისეულის მოპოვება, მაღაროები ომის შემეგ გაჩერებულია. ტყიბულელებს შრომის უფლებების და უსაფრთხოების საკითხები აქვთ საბრძოლველი. ამის მიუხედავად, ასე მგონია, ამ ორი ქალაქის მოსახლეობას ბევრი რამ ექნება ერთმანეთთან სალაპარაკო. ეს, შესაძლოა, აქტუალობით ორი მხარის ენერგეტიკოსების ურთიერთქმედებასთან ახლოს ვერ მივიდეს, მაგრამ იქნებ სხვა ტენდენციას დაუდოს სათავე – ორ მხარეს შორის სოციალურ, მათ შორის, დაცული შრომის პრობლემებზე ერთად მუშაობას. ზოგადად, ამ არეალის გაფართოებაც და საერთო ამიერკავკასიურ პროცესად ქცევაც შეიძლებოდა.

ერთიან ფრონტად მუშაობის ყველაზე შესაფერისი სფერო ქალაქგანვითრება იქნებოდა. არ ვიცი, ჰყავს თუ არა სოხუმს ურბანისტები, მაგრამ ამ ლამაზი ქალაქის ძველ ნაწილსაც ყოველი მხრიდან უტევს სიხარბე, ან მეორე: ისტორიული შენობები აფხაზეთში უბრალოდ ინგრევა – დროის ან ადამიანების ხელით. ესეც ერთ-ერთი ის სფეროა, რომელშიც ადვილად შეიძლება პროფესიონალთა და აქტივისტთა ერთი დიდი ქსელის თუ ფრონტის შექმნა, გამოცდილების გაცვლა, ერთმანეთის გაძლიერება.

ასეა, ერთმანეთისთვის მიყენებული ჭრილობები ჯერ ღიაა, მაგრამ თანდათანობით მოდის ის დრო, როდესაც აგრესია უნდა ჩაცხრეს და რაკი ხანდახან ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიც გვიშლის ხელს ერთმანეთის ინტერესების გაგებაში, საერთო ინტერესის გამოძებნაში, საერთო პრობლემებთან თანამშრომლობით ბრძოლაში შეგვიძლია გავატაროთ ის დრო, რომელიც “მომწიფებამდე“ გვჭირდება.

ჯანტუხელების თუ ხარაგაულელების ბედი არ არის დეტერმინირებული. მისი შეცვლა შეიძლება. ახლა იწყება ის დრო, როდესაც მისი შეცვლა უნდა დაიწყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი