გვინდაძის თქმით, 80 მილიონ ლარი არის ჯარიმა, რომელიც შემოვა ბიუჯეტში, შემდეგ წლის ბოლოს გაიწერება იმ ასიგნებებში, რომელსაც მიიღებს საქართველოს მთავრობა.
კითხვაზე, დაიხარჯება თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული 80 მილიონი ლარი კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე, გვინდაძე განმარტავს, რომ ბიუჯეტში არის საკმარისი რესურსი და მთავრობა ჯარიმებზე დამოკიდებული არ არის.
„ჩვენ ჯარიმებიდან გამომდინარე არ ვგეგმავთ ბიუჯეტს. ჩვენი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი აღემატება 8 მილიარდ ლარს. როგორც კი დავიწყებთ ბიუჯეტის ჯარიმებით აწყობას, მეორე დღესვე ჩვენ გამოვაცხადებთ დეფოლტს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს მოხდეს, ჩვენ არ ვართ ნაურუ“.
დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, მან ოპოზიციის ყველა შენიშვნას გასცა პასუხი: „ჩვენი რეაგირება სტიქიის შედეგებზე იქნება ადეკვატური. 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთლიანად 162 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2013 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას სტიქიის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს აუცილებლად გავითვალისწინებთ.“
საბიუჯეტო ცვლილებებს პარლამენტი კენჭს დღეს უყრის. საპარლამენტო სესია დღის 4 საათზე განახლდება.




