„ვაპროტესტებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ, რომ მოიხსნას ყადაღა ჩვენს კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე. ჩვენ გავაგრძელებთ პერმანენტულ აქციებსა და სხვა ღონისძიებებს ამ მოთხოვნით,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ.
„მაყურებლის მხარდაჭერა და ის ნდობა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობთ, ჩვენ, როგორც ჟურნალისტებს, გვაძლევს იმის უფლებას, რომ მოვითხოვოთ, რაც შეიძლება მეტ მაყურებელს მიეწოდებოდეს ჩვენ მიერ მომზადებული ნებისმიერი ახალი ამბავი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის მოთხოვნები, რაც ჩვენ გვაქვს – მოიხსნას ყადაღა მაესტროს თეფშებზე და “მაესტრო” მივიდეს თითოეული მაყურებლის ოჯახამდე, რათა მათ მიიღონ ობიექტური და მრავალფეროვანი ინფორმაცია“, – განაცხადა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ამავე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ხატია ქვათაძემ.
“მაესტროს” ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა თეა სიჭინავამ კი განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება სატელიტური თეფშებით მოისყიდო ამომრჩეველი.
“შესაბამისად, არანაირი სარწმუნო მტკიცებულება ამისა არ არსებობს. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკური საკითხი და უნდა გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. საზოგადოების ინტერესს კი წარმოადგენს, მან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან,” – მიაჩნია თეა სიჭინავას.
“მაესტროს” ჟურნალისტების გარდა აქციაზე იმყოფებოდნენ სხვა მედიასაშუალებების თანამშრომლები, რომლებიც ტელეკომპანიას სოლიდარობას უცხადებენ და ტელეკომპანიის მოთხოვნას უერთდებიან.
“თუ ჩვენ გვინდა ნორმალური ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ნორმალური ქვეყანა, პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს ყველა რეგიონში მოსახლეობას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ყველანაირ ინფორმაციაზე,”- განაცხადა “მაესტროს” პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ია ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნით, საბაჟოზე ორჯერ დააყადაღა ”მაესტროს” კუთვნილი ათასობით სატელიტური ანტენა. ტელეკომპანიის განცხადებით, ისინი მაუწყებლობის დაფარვის ზონის გაფართოების მიზნით ანტენების მოსახლეობისთვის შეღავათიანი პირობებით მიყიდვას გეგმავდნენ. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ მიიჩნია, რომ ეს იყო ”თვალთმაქცური გეგმა”, რომელიც მიზნად ისახავდა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვას.