ეკომიგრანტების 30 ოჯახი თაბუკაშვილის პირველ ნომერში, ყოფილი ელექტროსადგურის შენობაში ცხოვრობს. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და ეკომიგრანტებს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.
”არ გვაქვს შუქი, წყალი. სახურავი დაზიანებულია და შიგნით ისე წვიმს, როგორც გარეთ. საწოლებზე ქოლგები მაქვს გაშლილი, რომ ბავშვებმა ძილი როგორმე შეძლონ. წლებია, რაც ამ მდგომარეობაში ვართ, მივმართეთ შესაბამის უწყებებს, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად გვამშვიდებენ” – -ამბობს ნანა დუმბაძე.
”ცდილობენ არჩევნებამდე დაგვამშვიდონ, შემდეგ დარწმუნებულები ვართ, ყურადღებას აღარ მოგვაქცევენ, რადგან წერილ-წერილზე ვაგზავნით, მაგრამ ჩვენი აუტანელი მდგომარეობა არ იცვლება. გუშინ ელექტროგაყვანილობაში რაღაც აფეთქდა, მაგრამ არც ამის გასარკვევად მოსულა ვინმე, ელოდებიან, როდის იქნება მსხვერპლი” – ამბობს აქციის მონაწილე პლატონ ჭაღალიძე.
ეკომიგრანტები ამბობენ, რომ აქციებს მანამდე გამართავენ, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე არ იზრუნებს.
ეკომიგრანტების პარალელურად, აქციას მთავრობის სახლთან გარემოვაჭრეებიც მართავენ. ისინი ბულვარის შესასვლელში ხელნაკეთი სუვენირებით ვაჭრობენ. მოვაჭრეების განცხადებით, ბათუმის ზედამხედველობის სამსახური მათ სუვენირების გაყიდვის უფლებას არ აძლევს. ილონა ნემსაძე დევნილია, ამბობს, რომ მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სუვენირების გაყიდვაა: ”იძახიან, დასაქმება დასაქმებაო, თვითონ არსად გვასაქმებენ და თუ ჩვენით ვცდილობთ თავის გადარჩენას, ამაშიც ხელი უნდა შეგვიშალონ?”
”გვემუქრებიან, თუ არ შეწყვეტთ ვაჭრობას, წაგართმევთ და დაგილეწავთ მაგ ნივთებსო. მივმართეთ წერილობით მთავრობასაც და მერიასაც, რომ მოგვცენ უფლება ვაჭრობის, მაგრამ პასუხს არ გვცემენ. ადგილობრივები არ ხართ და უპირატესობით ვერ ისარგებლებთო, გვეუბნება ზედამხედველობის სამსახური” – აცხადებს გიორგი ლომთაძე, დევნილი.