ნეტგაზეთი | ენმ: ახალციხეში ჩვენი შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ: ახალციხეში ჩვენი შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ – Netgazeti
RU | GE  

ენმ: ახალციხეში ჩვენი შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალციხეში ”ნაციონალური მოძრაობის” შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, პარტიის შტაბის წარმომადგენელი ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვაჟა ჩიტაშვილის საარჩევნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, როდესაც მის წინ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის ავტომობილი გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდნენ პირები და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ენმ-ის ცნობით, დამტვრეულია კამერაც. “ეს ყველაფერი კი გუბერნატორის თანდასწრებით ხდებოდა. გუბერნატორი, ფაქტობრივად, პირადად მონაწილეობდა ძალადობრივ ინციდენტში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი “ნეტგაზეთთან” საუბრისას უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და მას “მტკნარ სიცრუეს” უწოდებს. თუმცა “ნეტგაზეთის” კითხვას, იმყოფებოდა თუ არა იგი დღეს მუსხი-ორაველის გზაზე (სადაც, ადგილობრივი მედიასაშუალების, “სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, სავარაუდოდ, ინციდენტი მოხდა), აკაკი მაჭუტაძემ თავი აარიდა. მან ორჯერ არ უპასუხა ნეტგაზეთის ამ კითხვას, მესამე ჯერზე კი ჩვენს ზარს არ უპასუხა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა გიორგი ბალიაშვილსაც, რომელსაც ენმ-ის აქტივისტის ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადებენ ხელს. ბრალდებები მანაც უარყო და თქვა, რომ აღნიშნული სიცრუეა, იგი მუსხი-ორაველის გზაზე დღეს საერთოდ არ იმყოფებოდა. ხოლო კითხვაზე, აქვს თუ არა აკაკი მაჭუტაძესთან მეგობრული ურთიერთობა, მან ჯერ გვითხრა, რომ “ტყუილია”, შემდეგ კი გვიპასუხა: “მე ახლა რამდენი მეგობარი მყავს… რასაც მეკითხებით, გაგეცით პასუხი”.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს. “გამოძიება ყველაფერს დაადგენს”, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. სხვა დეტალებზე შსს-ში არ საუბრობენ და გვეუბნებიან, რომ “ყველაფერს გამოძიება დაადგენს”.

ახალციხე-ადიგენის 44-ე მაჟორიტარულ ოლქში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გიორგი კოპაძე “ქართული ოცნებიდან”, რომელმაც I ტურში 39.65% მიიღო, და ვაჟა ჩიტაშვილი ენმ-დან, რომელმაც ხმების 44.07% მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com