ნეტგაზეთი | ცესკოს წინააღმდეგ პატრიოტების სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა ცესკოს წინააღმდეგ პატრიოტების სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა – Netgazeti
RU | GE  

ცესკოს წინააღმდეგ პატრიოტების სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ არ დააკმაყოფილა “პატრიოტთა ალიანსის” საჩივარი ცესკოს წინააღმდეგ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩება ცესკოს შემაჯამებელი ოქმი, რომლის თანახმადაც, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსმა 6 საპარლამენტო მანდატი მიიღო.

პატრიოტთა ალიანსის წევრებმა უსამართლო უწოდეს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ისინი დავის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

საარჩევნო ბლოკი “დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” მოითხოვდა, რომ ბათილად ყოფილიყო ცნობილი ცესკოს მიერ 23 ოქტომბერს გამოცემული ადმინისტრაციული აქტი მანდატების გადანაწილების ნაწილში. ისინი ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას მოითხოვენ.

“პატრიოტები” მიიჩნევენ, რომ მანდატები არასამართლიანად და არაკონსტიტუციურად არის გადანაწილებული და მათ 6-ის ნაცვლად მინიმუმ 8 მანდატი ეკუთვნით.

მათივე განცხადებით, არ დავობენ იმაზე, რომ მანდატები ცესკომ საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით გადაანაწილა, თუმცა, ამბობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 50-ე მუხლს.

საქართველოს სარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლში ვკითხულობთ:

“5. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

6. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ.

7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით განაწილების შემთხვევაში რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა მაინც 6-ზე ნაკლებია, თითო მანდატი 6-მდე შესავსებად რიგრიგობით აკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც 6 მანდატს აღემატება და ამ მოკლების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს არ დარჩება 7 მანდატზე ნაკლები.

8. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურების შემდეგ კიდევ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა,”- ვკითხულობთ საარჩევნო კოდექსში.

ამ წესის თანახმად, პატრიოტთა ალიანსს 6 მანდატი ეკუთვნის, თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, განაწილების ეს პრინციპი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 50-ე მუხლთან, სადაც ნათქვამია, რომ “პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც”.

სასამართლოში “პატრიოტებმა” განაცხადეს, რომ თუ კონსტიტუციასა და კანონს შორის კოლიზია არსებობს, მაშინ უნდა იმოქმედოს კონსტიტუციამ.

“ვინაიდან არის დადგენილი 5%-იანი ბარიერი, 5%-ს ვინც ვერ გადალახავს, იმ პარტიების წილ მანდატებს ეწოდება გაუნაწილებელი მანდატები, რომელიც კონსტიტუციაში და კანონში წერია, რომ გაუნაწილებელი მანდატები უნდა გადანაწილდეს ბარიერგადალახულ პარტიებზე. გაუნაწილებელი, ამ შემთხვევაში, რჩება 17 მანდატი. პატრიოტთა ალიანსზე ეს მანდატები არ გადანაწილდა და გადანაწილდა ორ პარტიაზე: ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობაზე. ჩვენ ვითხოვთ,  რაც წერია კონსტიტუციაში, რომ გაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდეს ბარიერგადალახულ პარტიებზე,”- განაცხადა კახა კუკავამ, რომელიც სასამართლოზე პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენდა.

რაც შეეხება ცესკოს პოზიციას, სასამართლო პროცესზე მათი წარმომადგენელი, თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუცია არ აწესრიგებს, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს მანდატები.

“ცესკო თვლის, რომ მან თავისი ადმინისტრაციული აქტი გამოსცა კანონსა და კონსიტუციასთან შესაბამისობაში. არავიარი კოლიზია საარჩევნო კოდექსის შესაბამის ნორმებსა და კონსტიტუციის 50-ე მუხლის მესამე პუნქტს შორის არ არსებობს. ჩვენი მოწინააღმდეგეების არგუმენტები იყო არასამართლებრივი და უფრო პოლიტიკურ მოტივებს ეხებოდა. 50-ე მუხლი არ აწესრიგებს იმ წესებს, რა წესებითაც უნდა ტარდებოდეს არჩევნები და ნაწილდებოდეს მანდატები,”- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი