საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 24 ივლისს, გურიაში სტუმრობისას განაცხადა, რომ მოსახლეობა ფოთში, ბათუმსა და ლაზიკაში დაწყებულ დიდ მშენებლობებზე უნდა დასაქმდეს. სააკაშვილმა დღეს გურიის გარდა სამეგრელოც მოინახულა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა დღესვე გურიაში ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკაც დაათვალიერა, რომელიც მწვანე და შავ ჩაის აწარმოებს.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ასევე ეწვია ოზურგეთის რაიონს და მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოინახულა, შემდეგ კი ახლად გახსნილი „ავერსის“ კლინიკაც დაათვალიერა და დაინტერსდა, თუ რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა მომსახურებით. პრეზიდენტმა 11 ახალშობილი მოინახულა და მათ საჩუქრები გადასცა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფრომაციით, საქართველოს პრეზიდენტი გურიის შემდეგ წალენჯიხაში, ობუჯის თემში მცხოვრებ თენგიზ ქუთელიას ოთხსულიან ოჯახს ესტუმრა. თენგიზ ქუთელიას ოჯახი ცოტა ხნის წინათ წყალდიდობის შედეგად ჩამოწოლილი მეწყერის გამო უსახლკაროდ დარჩა. კომისიის შეფასებით, სახლი აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა და ამიტომ, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სახელმწიფომ მათთვის წალენჯიხაში ორსართულიანი სახლი შეიძინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი საცხოვრებელი კიდევ ერთ დაზარალებულ ოჯახს გადაეცა.