ახალი ამბები

ჯანელიძე: მივესალმებით ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერებას შავ ზღვაში

27 ოქტომბერი, 2016 • 1581
ჯანელიძე: მივესალმებით ნატოს სამხედრო ყოფნის  გაძლიერებას შავ ზღვაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო მიესალმება ნატოს წევრი ექვსი ქვეყნის გადაწყვეტილებას,  დაეხმაროს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის და მდგრადობის გაძლიერებაში.

“ჩვენ მივესალმებით ნატოს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით. ჩვენ მივესალმებით ალიანსის სამხედრო ყოფნის და აქტივობების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონში. საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, მხარს უჭერს ალიანსის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად,” – ამბობს ჯანელიძე.

მიხეილ ჯანელიძის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა დაიწყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა:

“საქართველო, საკუთარი ფორმატების ფარგლებში, მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ალიანსის დისკუსიებში. მისასალმებელია, რომ ნატო არა მხოლოდ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას და აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში, არამედ ასევე მხარს დაუჭერს სანაპირო ქვეყნების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობა აღნიშნულია ვარშავის დეკლარაციაში,” – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ  საქართველო მზად არის, განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევრო-ატლანტიკური სივრცისა და მისი განუყოფელი ნაწილის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 6 წევრი ქვეყანა: გერმანია, კანადა, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი და აშშ მზად არიან, შავ ზღვაში ნატოს სამხედრო წარმომადგენლეობის გაძლიერების მისიაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

როგორც სტოლტენბერგმა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ალიანსის სხვა წევრებიც ფიქრობენ, როგორ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში.

“დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ შავ ზღვაში ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერების საკითხი, რომელსაც მიწაზე რუმინეთის ლიდერობით მულტინაციონალური ბრიგადა უხელმძღვანელებს. ჩვენ ვმუშაობთ ზომებზე როგორც ჰაერში, ასევე, ზღვაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი