მხარეებს შორის დაპირისპირება პრეზიდენტის და მთავრობის ფონდებში შექმნილ მდგომარეობას მოჰყვა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაციით, მთავრობის და პრეზიდენტის ფონდში 2012 წლის 24 ივნისისთვის 40 მილიონი ლარია დარჩენილი. ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის წევრმა” ჯონდი ბაღათურიამ პეტრიაშვილს ფონდებიდან გახარჯული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა მოსთხოვა.
“გადარეკეთ სამინისტროში და ან ელექტრონული ფოსტით, ან ესემესით მოგაწოდონ ინფორმაცია 60 მილიონის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი ფონდის დამტკიცებას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ფრაქცია ამ ინფორმაციას დღის ბოლომდე დაელოდება.”
პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას პარლამენტი თვის ბოლოს მიიღებს. “2012 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ მომზადებული 300–გვერდიანი დოკუმენტი პარლამენტში ივნისის ბოლოს შემოვა.”
“ერთობა სამართლიანობის” წევრები პაპუნა პეტრიაშვილისგან ფონდების შესახებ ხარჯთაღრიცხვას მთელი შეხვედრის განმავლობაში ითხოვდნენ.
პეტრიაშვილის ინფრმაციით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტში 162 მილიონი ლარია გათვალისწინებული. “ამ თანხის მობილიზება ბიუჯეტის შიდა რესურსებით მოხდება. არ შეიცვლება 2012 წლის ბიუჯეტის შიდა პარამეტრები. ”
პეტრიაშვილის ინფორმაციით, შეიქმნება “სპეციალური ღონისძიებათა ფონდი”, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი განკარგავს.
ფონდში თანხების მობილიზების სქემა ასეთი იქნება: 2012 წლის ბიუჯეტში მცირდება რეგიონული განვითარების ფონდის ხარჯბი 39 მილიონი ლარით, რაც დავითაიას განმარტებით მთლიანი თანხის 1 პროცენტია. პეტრიაშვილის ინფორმაციით, 2012 წლის ბიუჯეტში მოხდება რიგი პროექტების კორექტირება. ასევე ფონდში მიმართული იქნება ის ფული, რომელიც სამინისტროების ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცის შედეგად გამოთავისუფლდება.
ფინანსთა სამიბისტროს ადმინისტრაციული ხარჯები 5,6 მილიონი ლარით უმცირდება. დავითაიას თქმით, სხვადასხვა სამინისტროები ადმინისტრაციულ ხარჯებს1,5 მილიონი ლარით შეამცირებენ. ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული ფული ამ ფონდში გადაირიცხება. რაც შეეხება 110 მილიონს, დავითაია განმარტავს, რომ ეს თანხა კახეთის რეაბილიტაციაზე 2012–2013 წლებში დაიხარჯება. რეაბილიტაციისთვის განკუთვბილი 80 მილიონი ლარი მსოფლიო ბანკის შეღავათიანი სესხია. დანარჩენი 40 მილიონის მობილიზება კი ბიუჯეტიდან მოხდება.
პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაციით, “სპეციალურ ღონისძიებათა ფონდი” მხოლოდ 1 წლის განმავლობაში იფუნქციონირებს. რაც შეეხება პრეზიდენტის და მთავრობის ფონდებს, ორივე ფონშდი ერთობლივად 40 მილიონი ლარია მობილიზებული: “ამ ფონდებიდან ფულს ვერ დავხარჯავთ კახეთის, სამცხე–ჯავახეთის და თიანეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე, რადგან 2012 წლის ბოლომდე შესაძლოა რაიმე ბუმებრივი კატაკლიზმი მოხდეს და რეგიონებს ფულის გარეშე ვერ დავტოვებთ. “
ფინანსთა მინისტრის განცხადების შემდეგ ფრაქცია “ერთობა სამართლიანობის” წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განმარტება მოითხოვა: თუ ფონდი სტიქიური უბედურების და ბუნებრივი კატაკლიზმების პრობლემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა, მაშინ რატომ ფინანსდება საქართველოში ამ ფულით კრის დე ბურგის, ტოტო კუტუნიოს და სტინგის კონცერტები?
ლორთქიფანიძემ დავითაიას მოსთხოვა განმარტება, რა მიმართულებით დაიხარჯა ფონდის ფული. დავითაის განცხადებით, ზემოთ ჩამოთვლილ ვიზიტებზე ფონდიდან ფული არ დახარჯულა.
2012 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების შედეგად სამი ფონდი იფუნქციონერებს. მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებს სპეციალურ ღონისძიებათა ფონდი დაემატება.




