ახალი ამბები

ციხეებში პატიმართა დაზიანების ფოტოგრაფირების წესი შეიცვალა

27 ოქტომბერი, 2016 •
ციხეებში პატიმართა დაზიანების  ფოტოგრაფირების  წესი შეიცვალა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა, სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვისა და ფოტოგრაფირების ახალი წესი დაამტკიცა.

ბრძანებას „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელი 2016 წლის 26 ოქტომბერს მოეწერა.

“ბრძანება გაეროს საერთაშორისო დოკუმენტის – სტამბოლის პროტოკოლის რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ეფექტური, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ხელშეწყობა ექიმის მიერ შესაბამისი სამედიცინო სახის მტკიცებულებათა დროული და ზუსტი დოკუმენტირების მეშვეობით. ბრძანება, წესთან ერთად, დეტალურად განსაზღვრავს სამედიცინო შემოწმების დაწყების წინაპირობებს და მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობისა და შემდგომი რეაგირების საკითხებს,”- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაზიანებათა ფერადი ფოტოგრაფირება დაზიანებების დოკუმენტირების პროცესის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ფოტოზე აისახოს, როგორც დაზიანებათა ხარისხი (სიგრძე, სიღრმე და ა.შ.), ისე შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რათა არ მოხდეს სხვადასხვა პირის ფოტომასალის ერთმანეთში აღრევა.

ბრძანების თანახმად, ექიმი ვალდებულია, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხეულზე დაზიანებათა აღმოჩენის შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს, დროული და სათანადო რეაგირების მიზნით. სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრება საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო.

ბრძანება 2017 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდება, მანამდე სამინისტრო დაწესებულებათა შესაბამის ტექნიკურ აღჭურვასა და სამედიცინო პერსონალის გადამზადებას უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი