ახალი ამბები

თოჯინების თეატრის ნგრევა სასტუმრო „ლონდონის” შემდეგ

21 ივლისი, 2012 •
თოჯინების თეატრის ნგრევა სასტუმრო „ლონდონის” შემდეგ

[განახლებადი ინფორმაცია]


ბათუმში აბაშიძის 49 ნომერში მდებარე კულტურული მეკვიდრეობის ძეგლი ჩამოინგრა, რომელზეც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.  შენობას ამწე დაეცა და ჩაანგრია ერსართულიანი შენობის ფასადის შუა ნაწილი. შენობაში წლების მანძილზე ბათუმის თოჯინების თეატრი იყო განთავსებული.

 

 

ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა 2012 წლის 27 თებერვალს გაიცა. სამუშაოები 2012 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. შენობაზე 3 მეტრისა და 15 სანტიმეტრის სიმაღლის მანსარდი უნდა დადგმულიყო. სამუშაოების დროს, რომელიც შენობაზე აპრილიდან მიმდინარეობს, მოხდა შენობის დემონტაჟი და თოჯინების თეატრის შენობიდან დღემდე დარჩენილი იყო მხოლოდ ფასადის ერთი კედელი, რომელიც  დღეს ამწის დაცემამ ჩამოანგრია.

 

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული შენობა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. „შენობის თავდაპირველი, მარცხენა ნაწილი მდიდრულად არის გაფორმებული მოდერნის სტილის ელემენტებით. ნაგებობის საერთო გადაწყვეტა, ნაძერწი თუ ნაკაწრი დეკორატიული ელემენტების ორიგინალური კომპოზიცია და დახვეწილი შესრულება ბათუმის არქიტექტურულ ძეგლთა შორის მნიშვნელოვან ადგილს მიუჩენს მას,“ – აღნიშნულია ძეგლის სააღრიცხვო ბარათში, რომელიც ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილის მიერაა შედგენილი 2004 წელს.

 

 

გაზეთი „ბათუმელები“ წერდა იმის შესახებაც, რომ რეკონსტრუქციის დაწყებისთანავე დაზიანდა  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადის  ფრაგმენტები. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცინცაძემ მაშინ ასეთი განმარტება გააკეთა: „რაც მოტეხილია და დაზიანებულია, ის ძველი სტილით აღსდგება ყველაფერი. ზუსტად ეს იყო ჩვენი პროექტი და ამიტომაც გაიცა რეკონსტრუქციის ნებართვა. არ იყო ეს ტერიტორია საკმარისი, დირექტორიდანაც უამრავი თხოვნა იყო, თხოვნა იყო ბავშვებისა და მშობლების მხრიდან. ქალაქი გაიზარდა და ჩვენ გვინდოდა თოჯინების თეატრი დარჩენილიყო იქ, სადაც არის და მიგვეცა მისთვის განვითარების საშუალება.“

 

 

ეს არ არის პირველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც 2012 წელს ბათუმში ჩამოინგრა. 22 მარტს ბათუმში ჩამოინგრა სასტუმრო „ლონდონი“, მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ძველ ბათუმში პირველი კლასის სასტუმროს წარმოადგენდა. ქალაქის მერიის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა სასტუმრო „ლონდონზეც“, თუმცა შენობის მხოლოდ ფასადის კედელი იყო შენარჩუნებული.

 

 

კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელზეც ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს და მხოლოდ ფასადია შენარჩუნებული, ბათუმის ფოსტაა.


თოჯინების თეატრი სარეაბილიტაციო სამუშაოების წინ
თოჯინების თეატრი სარეაბილიტაციო სამუშაოების წინ

მასალების გადაბეჭდვის წესი