ახალი ამბებიკინო

CinéDOC 2016 დასრულდა – ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებული დოკუმენტური ფილმები დააჯილდოვა

26 ოქტომბერი, 2016 •
CinéDOC 2016 დასრულდა – ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებული დოკუმენტური ფილმები დააჯილდოვა

25 ოქტომბერს დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი CineDOC თბილისი დასრულდა. ფესტივალის დასკვნით საღამოზე საკონკურსო სექციების გამარჯვებულები დააჯილდოეს.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული პოლონელი რეჟისორის, ვოიტეკ სტარონის ფილმი “ძმები” გახდა. ფილმის რეჟისორი დაჯილდოების ცერემოენიას არ ესწრებოდა, ამიტომ ჯილდოს პოლონეთში გაუგზავნიან.

ამავე კატეგორიაში “ჟიურის სიმპათიის” პრიზი ტომ ფასარტის ფილმმა “ოჯახური ურთიერთობები” დაიმსახურა. ფასარტის პერსონალურ ისტორიას, რომელიც მისსა და მისი 95 წლის ბებიის ურთიერთობას ეხება, განსაკუთრებულად დადებითად აფასებდა აუდიტორიაც და ფესტივალის ფავორიტად მოიაზრებოდა.

ტომ ფასარტი ამბობს, რომ, ერთი მხრივ, ამ ფილმის სხვებისათვის ჩვენება ქუჩაში გაშიშვლების ტოლფასია, თუმცა ასევე ეხმარება მაყურებელს დაანახოს, რომ ოჯახი მნიშვნელოვანი ფასეულობაა და ნებისმიერ საზოგადოებაში პიროვნების განვითარებაზე ღრმა კვალს ტოვებს:

“არ ვიცი, ჩემი ფილმი ამ ფესტივალზე როგორ მოხვდა. ვფიქრობ, ორგანიზატორებმა შემთხვევით ნახეს და შემდეგ მომიწვიეს, თუმცა მიხარია, რომ აქ მოვხვდი, ” – ამბობს ფასარტი – “ძნელია, აუდიტორიისაგან რაიმეს ელოდე, მე ხომ ამ დრომდე არაფერი ვიცოდი საქართველოზე. თუმცა გამიკვირდა, რომ ფილმს საკმაოდ გულწრფელი შეფასებები და ემოციები მოჰყვა. ფილმებს ოჯახის თემაზე ყოველთვის აქვს თავისი ბნელი მხარე. ჩემს ფილმს კი შეუძლია თავი უხერხულად გაგრძნობინოს, რადგან ხვდები, რომ მსგავსი პრობლემების პოვნა შენს ოჯახშიც შესაძლებელია.” – ამბობს, რომ ფილმის შემდეგ ნაწილზე მუშაობა უკვე დაიწყო და ისტორიები ფასარტების ოჯახზე კიდევ ხელმისაწვდომი იქნება მაყურებლისათვის. ყველას შეეძლება ჩაიხედოს, განსაჯოს და შეადაროს მათი და თავიანთი “ოჯახური ურთიერთობები” ერთმანეთს.

ჰოლანდიელი რეჟისორი ტომას ფასარტი. CineDOC-ის დაჯილდოება. 25.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჰოლანდიელი რეჟისორი ტომას ფასარტი. CineDOC-ის დაჯილდოება. 25.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“ფოკუს კავკასუსის” რჩეულები წელს თურქი რეჟისორის, მეთ გუმურჰანის “მოჭიდავეები” და სომეხი ავტორის არმან იერიციანის “1, 2, 3” გახდნენ.

საკუთარი ფავორიტი გამოავლინეს ბავშვებმაც, რომლებმაც CineDOc Young-ის სექციაში საუკეთესოდ ერლენდ მოს “ვცეკვავ შენთვის” მიიჩნიეს. მაყურებლის სიმპათიის ჯილდო კი დანიელ აბმამ მიიღო ფილმისათვის “ტრანზიტ ჰავანა“.

სომეხი რეჟისორი არმან იერიციანი. CineDOC-ის დაჯილდოება. 25.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

სომეხი რეჟისორი არმან იერიციანი. CineDOC-ის დაჯილდოება. 25.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ფესტივალის ახალი ნაწილის, CiVil Doc-ის სექციაში ძმების, ბარაკ და ტომერ ჰეიმანების “ახლა ვინღა შემიყვარებს?” და პანკაი ჯოჰარის “სესილია” დააჯილდოეს. ბარაკ ჰეიმანი ფესტივალზე უკვე მეორედ წარდგა. ამჯერად ფილმი შიდსის ვირუსით ინფიცირებულ ებრაელ ჰომოსექსუალ კაცზე გადაიღეს, რომელიც ლონდონში, ოჯახიდან შორს ცხოვრობს და სახლში დაბრუნებაზე ფიქრობს.

“ჩვენი ფილმის მთავარი სათქმელი არის ის, რომ ადამიანებს შეუძლიათ შეიცვალონ. ნებისმიერი კონფლიქტი და გაუგებრობა, რომელიც ადამიანებს შორის არსებობს, მოგვარებადია, თუ ხარ გამბედავი და შეგიძლია ამაზე საუბარი. ” – ამბობს ბარაკ ჰეიმანი. დოკუმენტურ ფილმებზე კი იმიტომ მუშაობს, რომ სიცოცხლე უკვე სავსეა დრამითა და დაბრკოლებებით – “ვერ ვხედავ დრამის გამოგონების საჭიროებას. მაყურებელზე დოკუმენტური ფილმები სწორედ იმიტომ ახდენს გავლენას, რომ გარკვეულ ეტაპზე მათთვის ძალიან ადვილია ფილმის პერსონაჟებთან საერთოს პოვნა, რადგან იციან, რომ ისინი რეალურად არსებობენ.”

რეჟისორი ბარაკ ჰეიმანი. CineDOC-ის დაჯილდოება. 25.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

რეჟისორი ბარაკ ჰეიმანი. CineDOC-ის დაჯილდოება. 25.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დოკუმენტური კინოს ფესტივალის CineDOC-ის დირექტორი არჩილ ხეთაგური. CineDOC-ის დაჯილდოება. 25.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დოკუმენტური კინოს ფესტივალის CineDOC-ის დირექტორი არჩილ ხეთაგური. CineDOC-ის დაჯილდოება. 25.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი მაყურებელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა. ფესტივალის დირექტორის, არჩილ ხეთაგურის თქმით, წელს ფესტივალს არსებობის მანძილზე ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავდა – როგორ მაყურებლის, ისე კინემატოგრაფების რიგებში.

CineDOC-ი 2013 წლიდან იმართება და მისი მთავარი მიზანი კავკასიის რეგიონში დოკუმენტური ფილმის ჟანრის პოპულარიზებაა. ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებების გარდა, ასევე იმართება ვორქშოპები, დისკუსიები და შეხვედრები ფილმების ავტორებთან. წელს ფესტივალს შეემატა CivilDoc-ის სექციაც, სადაც ადამიანის უფლებების თემაზე შექმნილი ფილმები უჩვენეს.

ფესტივალის დასრულების შემდეგ გაიმართება CinéDOC ტური და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ექნებათ, ნახონ ფესტივალზე ნაჩვენები ფილმები.

მასალების გადაბეჭდვის წესი