ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილმა 20 ივლისს საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის ამ გადაწყვეტილების მიზეზებს ხსნის:
“ძალიან განვიცდი იმ უბედურებას, რომელიც სტიქიის შედეგად თავს დაატყდა ჩვენს თანამოქალაქეებს კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში და სხვა რეგიონებში. ასეთ დროს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ვალია, თანადგომის და სოლიდარობის ხელი გავუწოდოთ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს. პრეზიდენტი და მთავრობა, რომლებმაც უაზროდ გაფლანგეს ამგვარი ვითარებისთვის შექმნილი 100–მილიონიანი სარეზერვო ფონდები, გეგმავენ მიყენებული ზარალის მხოლოდ ნაწილობრივ კომპენსაციას და სრულად დაკარგული მოსავლისათვის მაქსიმუმ 1 500 ლარის გამოყოფას. ეს მაშინ, როდესაც ყოველი ოჯახისათვის სტიქიით მიყენებული ზარალი ხშირად რამდენჯერმე აღემატება ამ თანხას.
ყველასთვის კარგად ცნობილი გარემოებების გამო მე არ მაქვს შესაძლებლობა, პირადად დავეხმარო სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ათასობით ადამიანს – ხელისუფლება მედიკამენტების მიწოდებასაც კი ამომრჩევლის მოსყიდვად ჩამითვლის. ამასთანავე, ხელისუფლებამ მე სრულიად უკანონოდ დამაკისრა ათეულობით მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ და ასევე უკანონო გზებით ცდილობს სხვისი ქონების ხარჯზე ამ თანხების ამოღებას.
შექმნილ ვითარებაში მე მივიღე გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება.
შედეგად, მთავრობას უჩნდება ბიუჯეტით დაუგეგმავი დამატებითი სახსრები, რომლითაც მას შეუძლია ყოველ ოჯახს სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი, იქნება ეს დაკარგული მოსავალი, დახოცილი პირუტყვი თუ დაზიანებული კარ-მიდამო.
იმისათვის, რომ მთავრობამ საბიუჯეტო სახსრებით დროული, სამართლიანი და ეფექტური დახმარება აღმოუჩინოს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, საჭირო იქნება საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესება თითოეული ოჯახისთვის მიყენებული ზარალის ობიექტურ შეფასებასა და მის დროულ და სრულ ანაზღაურებაზე”.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბიძინა ივანიშვილი სოფელს დაეხმარა:
“მთელმა საქართველომ იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი პირადი სახსრებით საქართველოს ბიუჯეტში 70–80 მილიონიანი ტრანსფერების შესახებ. ახლაც ბიუჯეტში ხდება გადარიცხვა და მაშინაც ბიუჯეტში ხდებოდა გადარიცხვა, რაზე გამოიყენებდა საბიუჯეტო თანხებს ხელისუფლება, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეუძლიათ მათ მოიპარონ ეს ფული, თუმცა ჩვენ მათ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ, რადგან ვითხოვთ აბსოლუტურ მონიტორინგს. რაც შეეხება იმას, თუ საიდან დაითვალა ეს 10 მილიონი, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში სტიქია ხდება და გარკვეული წაარმოდგენა შეიძლება ზარალის შესახებ არსებობდეს, რა თქმა უნდა, ზუსტ ზარალს 24 საათში ვერ დავთვლიდით, თუმცა ეს პროცესი დაწყებულია”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
“ქართული ოცნების” პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ეს თანხა არ არის რომელიმე კონკრეტული ჯარიმის გადახდა:
“ეს არის უბრალოდ ამ ადამიანების დასახმარებლად გამოყოფილი 10 მილიონი. მათი დახმარების პირდაპირი გზა ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია, ამიტომ ის გადაიხდის ამ თანხას, რომლის გადარიცხვაც დაწყებულია”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.