ახალი ამბები

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრწანისის ცენტრში დაღუპულის ოჯახის ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს

25 ოქტომბერი, 2016 • 1353
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრწანისის ცენტრში დაღუპულის ოჯახის ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოჯახისა და საზოგადოების ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

“პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ  მომხდარის  დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, საქართველოში ერთერთი ყველაზე დაცული ცენტრი, სადაც განთავსებულია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას, უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი. არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი და ეჭვი ამ ფაქტთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, სამხედრო ძალების რეპუტაციისთვის,”- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა. დაახლოებით 03:30 საათზე დასაცავ ტერიტორიაზე მან შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

გამოძიების ცნობით, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო – სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მოკლული გიგა შენგელიას ოჯახის წევრები გამოძიების ვერსიას უნდობლობას უცხადებენ და მოითხოვენ ალტერნატიულ ექსპერტიზას და საქმის სამართლიანად გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი