ახალი ამბები

იზორია: ხილვადობა ჭირდა და ცხედრის იმწუთიერი აღმოჩენა შეუძლებელი იქნებოდა

24 ოქტომბერი, 2016 • 1653
იზორია: ხილვადობა ჭირდა და ცხედრის იმწუთიერი აღმოჩენა შეუძლებელი იქნებოდა

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, კრწანისის სასწავლო ბაზაზე მოკლული გიგა შენგელიას ცხედრის დაგვიანებული პოვნა ცუდ ხილვადობას უკავშირდება, რადგან შემთხვევა 03:30 საათზე მოხდა:

“რაც შეეხება უშუალოდ ცხედრის აღმოჩენას, მოგეხსენებათ, რომ ეს ფაქტი მოხდა 03:30 საათზე, როდესაც ხილვადობა ჭირს. შესაბამისად, ცხედრის იმწუთიერი აღმოჩენა, მით უფრო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შეუძლებელი იქნებოდა და როდესაც ხილვადობა იყო უკვე 100 %-იანი, მაშინ მოხდა უკვე 100 მეტრის რადიუსში მისი აღმოჩენაც”,- განაცხადა იზორიამ ტელეკომპანია”იმედთან” საუბრისას.

თავდაცვის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ბაზაზე სამხედრო პოლიცია მუდმივად იმყოფება და  გუშაგის გამოკითხვა მაშინვე დაიწყო:

“გამოცხადდა გარკვეული ოპერატიული დანაყოფი, რომელმაც, რასაკვირველია, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო, რომელიც გარკვეულ გონივრულ ვადებთანაა დაკავშირებული”,- ამბობს იზორია.

მოკლულის ოჯახის წევრების მთავარი პრეტენზია გასროლის შემდეგ სწრაფ რეაგირებას უკავშირდება. მოკლულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი სროლის შემდეგ 3 საათის განმავლობაში სისხლისგან დაიცალა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა. დაახლოებით 03:30 საათზე დასაცავ ტერიტორიაზე მან შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

გამოძიების მიერ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო – სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი