პოეტი შოთა ზოიძე ერთ-ერთია, ვინც “ქართულმა ოცნებამ“ აჭარაში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა. იგი კენჭს შუახევის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.
ზოიძე ასლან აბაშიძის დროს ორჯერ იყო აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი და ამ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც ეკავა. იგი იყო აჭარის ტელევიზიისა და რადიოდეპარტამენტის ხელმძღვანელიც. აბაშიძის მმართველობის პერიოდში შოთა ზოიძესა და ასლან აბაშიძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის შემდეგაც მას სამთავრობო სტრუქტურაში აღარ უმუშავია.
2008 წელს საპარლამენტო არჩევების დროს შოთა ზოიძე მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს ბათუმში იყრიდა გოჩა ფიფიას მიერ დაფუძნებულ პარტიიდან ”ქართული პოლიტიკა“.
ცსკოს მონაცემებით, მაშინ ”ქართულმა პარტიამ” ქვეყნის მაშტაბით 8 231 ხმა მიიღო, რაც არჩვნებში მონაწილეთა 0,46% ია. შოთა ზოიძე“ ბათუმელებთან“ ვერ იხსენებს, ბათუმის 79 ოლქში, როგორც მაჟორიტარმა კანდიდატმა, რამდენი ხმა მიიღო.
პარტია „ქართული პოლიტიკა” 2008 წლის მარტში მაშინდელმა დეპუტატმა, გოჩა ფიფიამ ჩამოაყალიბა. იგი არყის მწარმოებელი კომპანია ”უშბას” გენერალური დირექტორი იყო.
ამონარიდი პარტიის ვებ-გვერდიდან: „ ქართული პოლიტიკა არის ჯგუფი, რომელიც ეფუძნება ”ქართულ სულისკვეთებას და მართლმადიდებლურ ცხოვრების წესს”. ვებ-გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ქართული პოლიტიკის მიზანია შექმნას ”სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც დაეფუძნება მართლმადიდებლურ იდეოლოგიას”.
პარტიის ლიდერი გოჩა ფიფია მაშინ მედიის წარმომადგენლებთან აცხადებდა, რომ იგი ”საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგია და გათვლას ამომრჩეველთა იმ 30%-ზე აკეთებს, ვინც 5 იანვრის პლებისციტზე მხარი არ დაუჭირა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.“
ამის შემდეგ შოთა ზოიძე „ქართული აკადემიის” ბათუმის წარმომადგენელობის ხელმძღვანელი გახდა. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ბოლო აქტივობა ბათუმში თურქეთის ოკუპაციის მუზეუმის გახსნის ინიციატივას უკავშირდება.
ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როსტომ ხალვაში პროფესიით აგრონომია. იგი საბჭოთა კავშირის დროს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს კენჭს იყრიდა ორთაბათუმში (ხელვაჩაურის რაიონი) რესპუბლიკური პარტიიდან.
ხულოში „ქართულმა ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზია საგინაძეა, რომელიც ასლან აბაშიძის დროს ხულოს პოლიციის უფროსი იყო. აბაშიძის მმართველობის დროს ის რამდენჯერმე ამ თანამდებობიდან გადააყენეს და შემდგომ დააბრუნეს. ამის შემდეგ საგინაძე არც პოლიტიკაში აქტიურობდა და არც სამთავრობო სტრუქტურაში ყოფილა დასაქმებული.
ქობულეთში „ქართულ ოცნების” კანდიდატი ფატი ხალვაში იქნება. იგი პროფესიით მათემატიკოსია და პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება არა აქვს. ფატი ხალვაში ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშიის დაა.
ქედაში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ანანიძე იქნება. იგი პროფესიით იურისტია. ანანიძე აბაშიძის მმართველობის დროს ჯერ აჭარის მთავარი პროკურორი იყო, შემდეგ კი – აჭარის უმაღლესი საბჭოს კოლეგიალური სასამართლოს თავმჯდომარე. მას, როგორც მოსამართლეს, 22-წლიანი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ წელიწადში საშუალოდ 3-4-ჯერ გამოჰქონდა გამამართლებელი განაჩენი.
ევროსასამართლოს მიერ პოლიტპატიმრად გამოცხადებულ თენგიზ ასანიძეს პირველი განაჩენი სასამართლომ ანანიძის თავმჯდომარეობის დროს გამოუტანა. იგი დღეს ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დიდ უხერხულობას არ გრძნობს, რადგან მიაჩნია, რომ მის გადაწყვეტილებას საფუძველი ჰქონდა. თანაც მისი გადაწყვეტილებით ასანიძე ციხეში „მხოლოდ ერთ თვეს იჯდა“.
დავით ანანიძე ვარდების რევოლუციის შემდეგაც მოსამართლედ მუშაობდა, 2008 წლამდე. აბაშიძის ჩინოვნიკებისა და მასთან დაკავშირებული პირებისთვის ქონებაც მას აქვს ჩამორთმეული. დღეს იხსენებს, რომ მაშინ პროკურატურის მოთხოვნის თითქმის 30-% არ დააკმაყოფილა. ამ საქმეში ერთ-ერთი თავი ასლან აბაშიძის დის ნარგიზ აბაშიძისა და ილია ანანიძის საერთო ქონებას – ე.წ. ხოფის ბაზრობის ჩამორთმევასაც ეხებოდა. ეს კონკრეტული საქმე დავით ანანიძემ იმ მიზეზით აიცილა, რომ ილია ანანიძე მისი ძმა იყო.
2008 წლის შემდეგ, უკვე რეზერვის მოსამართლეს, როგორც თვითონ ამბობს, „უსამართლობის განცდამ“ სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება მიაღებინა. ის პოლიტიკაში წავიდა. ამის შემდეგ ე.წ. ხოფის ბაზრობას ანანიძის ძმის ნაცვლად ახალი მესაკუთრე გაუჩნდა (აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო). დავით ანანიძის ძმა კი ფინანსური მაქინაციის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს.
ბათუმში კი ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მურმან დუმბაძე დასახელდა.