დღეს დილით ბათუმის დელფინარიუმში დაცვის პოლიცია შევიდა. დელფინარიუმში პოლიციის შესვლა დირექტორის განთავისუფლებას უკავშირდება.
„ხდება ჩანაცვლება ალბათ დირექტორის, თუმცა ჩემი გათავისუფლების ბრძანება მე ჯერ თვალით არ მინახავს,“ – განუცხადა ნატალია ზოიძემ, დელფინარიუმის დირექტორმა „ნეტგაზეთს“.
პარალელურად დირექტორის გათავისუფლების საკითხს ბათუმის საკრებულო განიხილავდა. თუმცა საკრებულოს სხდომა დამთავრებული არ იყო, როცა დელფინარიუმში მერიის წარმომადგენლები და დაცვის პოლიცია მივიდა.
„სამთავრობო ობიექტებს იცავს სამთავრობო დაცვა. დღეს შეიცვალა იმიტომ, რომ მართვის უფლება გაუქმებულია. ობიექტი ისედაც მერიის იყო და კვლავ მერიისაა,“ – განაცხადა მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გელა მახარაძემ. თუმცა „მენეჯმენტ სერვისის” წარმომადგენელმა, გელა კობერიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მათ დელფინარიუმის დაფინანსებაზე უარი არ უთქვამთ და არც ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მიუღიათ შეტყობინება.
ბათუმის დელფინარიუმი ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო შემსწავლელი კვლევითი ცენტრის შემადგენლობაში იყო. ეს ცენტრი 6 მაისის პარკს, ზოოპარკსა და ლაბორატორიას აერთიანებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ცენტრის შემადგენლობაში არსებული ყველა ობიექტი ბიძინა ივანიშვილმა აღადგინა და ბათუმის მერიას საჩუქრად გადასცა. თუმცა იმ მიზეზით, რომ იქ არსებული ბინადრების გამოკვება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მერიამ მათი მოვლა ვერ შეძლო და კვლევითი ცენტრი სამართავად “მენეჯმენტ სერვისს” 19 წლის ვადით გადასცა. “მენეჯმენტ სერვისი” მართავდა ასევე ქობულეთის გასართობი პარკ “ციცინათელას”.
მართვაში აღებიდან დღემდე, ბათუმის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო შემსწავლელი კვლევითი ცენტრის შენახვა “მენეჯმენტ სერვისს” ყოველთვიურად 300 000-მდე ლარი უჯდებიდა. ამ თანხაში შედის ცხოველების გამოკვებისა და ცენტრში დასაქმებული 150 თანამშრომლის სახელფასო ფონდიც.
დღესვე ბათუმის საკრებულომ შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ დირექტორი ნატალია ზოიძე თანამდებობიდან გაანთავისუფლა და მის ნაცვლად გელა ბოლქვაძე დანიშნა. იგი აქამდე ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
„მოლოდინი მაინც მქონდა, რომ ეს მოხდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ახალი დირექტორი თანამშრომლებს შეცვლის, ეს აისახება დელფინარიუმზე იმიტომ, რომ ამ ხალხმა იცის, რა გააკეთოს და პროფესიონალები არიან თავის საქმის. ძნელი იქნება მათი მსგავსის მოძებნა,“-განაცხადა ნატალია ზოიძემ ნეტგაზეთთან.
[განახლებადი ინფორმაცია]