ახალი ამბები

კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო რეგიონში პირველია

22 ოქტომბერი, 2016 • 1261
კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო რეგიონში პირველია

2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო 0,65 ქულით პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 13 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა შემდეგ ფაქტორებში: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების) და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება.

უწყების ცნობით, კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საუკეთესო მაჩვენებელი 0,75 ქულა საქართველოს 2016 წელს აქვს წესრიგის და უსაფრთხოების ფაქტორის მიმართულებით, სადაც შარშანდელი მაჩვენებელი 0,08 მონაცემითაა გაუმჯობესებული. შენარჩუნებულია მონაცემი კორუფციის არარსებობის კომპონენტში, რომლის თანახმადაც, ქვეყანას წელს, შარშანდელის მსგავსად, 0,73 ქულა აქვს. მაღალი მაჩვენებელი 0,68 ქულა აქვს ქვეყანას ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით, ღია მმართველობის ფაქტორის მაჩვენებელი 0,63 ქულას შეადგენს; აღსრულების   0.62 ქულას, ხოლო სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ფაქტორის თანახმად, საქართველოს 0,61 და 0,56 ქულა აქვს. რაც შეეხება ბოლო, მე-8 ფაქტორს  მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები  ქვეყანა აქაც ინარჩუნებს შარშანდელ მონაცემს 0,62  ქულას. 

14796268_10211097427775161_30572654_o

რაც შეეხება მთლიან რეიტინგს, 113 ქვეყნიდან საქართველო ინდექსის მიხედვით 34-ე ადგილზეა.

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის ინდექსი ასახავს კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 113 ქვეყანაში. კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებული ვითარების შესაფასებლად „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტი“ იყენებს 44 ინდიკატორს, რომლებიც 8 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები,  ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების), სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო მართლმსაჯულება.   

ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის თითოეულ ქვეყანაში 100 000-ზე მეტი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. კვლევის მონაცემები სტანდარტიზდება 0-1 ქულათა გრადაციაზე: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია კანონის უზენაესობა ქვეყანაში. 

2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით მსოფლიო რეიტინგში ლიდერობს დანია (პირველი ადგილი), ნორვეგია და ფინეთი მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებენ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ვენესუელას (მე-113 ადგილი), კამბოჯას (112-ე ადგილი) და ავღანეთს (111-ე ადგილი) აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი