თუმცა ივანიშვილის თქმით, “ვერსად გავექცევით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ წამოიწყო სამხედრო მოქმედებები ისე, რომ ვერ გათვალა შესაძლო შედეგები.
ეს არ შეიძლება ვინმეს ახარებდეს. ხელისუფლების მოქმედებები იმ ტრაგიკულ დღეებში ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას. მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც სახელმწიფოსა და ხალხის ბედი აბარიათ, სრულიად სამარცხვინოდ იქცეოდნენ”.
ივანიშვილის თქმით, უზნეობაა “ლამის გამარჯვებად გამოაცხადო ომი, რომელსაც ასზე მეტი სოფლის ოკუპაცია მოჰყვა. ჩვენ, ყველამ ერთად, რაც არ უნდა მწარე იყოს, სიმართლე უნდა ვთქვათ. და როცა სიმართლეს არ გავექცევით, იმასაც ადვილად დავინახავთ, რა გზებით შეიძლება სასიკეთო ცვლილებების მიღწევა”.
კოალიციის ლიდერმა განაცხადა, ხელისუფლების მთავარი შეცდომა ერგნეთის ბაზრობის დახურვა იყო, რომელსაც, ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აღადგენენ:
“ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს ჩვენს ოს ძმებთან, გამოვიყენებთ სახალხო დიპლომატიას, გამოვნახავთ საერთო ინტერესებს და ამას დაეფუძნება ჩვენი სამომავლო ურთიერთობები.
ყველამ კარგად იცის, როგორ აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობები და საერთო ინტერესები. ამის მაგალითად ერგნეთის ბაზრობაც საკმარისია. ამ ბაზრობის წყალობით წლების წინ ქართველებმა და ოსებმა შეძლეს ურთიერთობის აღდგენა, და ეს ურთიერთობა ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა.
ამ ადგილზე ისინი არა მარტო ხვდებოდნენ ერთმანეთს, არამედ საერთო ბიზნესშიც ჩაებნენ და საქმესაც ერთად უძღვებოდნენ. მაშინ მათ, ქართველებმა და ოსებმა, თავიდან აღმოაჩინეს, რომ თურმე ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ.
კონფლიქტის მშვიდობიან, ვიმეორებ, მშვიდობიან მოგვარებაზე ოდნავ მაინც რომ ეზრუნა, ხელისუფლება ასე დაუფიქრებლად, ასე ხელაღებით არ დახურავდა ერგნეთის ბაზრობას.
ერგნეთის ბაზრობის დახურვა ჩვენი ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია, რადგან იქ, სადაც რვა წლის განმავლობაში ქართველებისა და ოსების საერთო სავაჭრო დახლები იდგა და სავალუტო ჯიხურები მუშაობდა, ახლა რუსული სამხედრო პოსტია.
ამ შეცდომის გამოსწორება მარტო ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კანონის ფარგლებში, ლეგალურად აღვადგენთ ერგნეთის ბაზრობას. ჩვენ ყველაფერს გულდასმით გავითვლით და ყველა რისკს გავითვალისწინებთ.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ბაზრობის აღდგენით გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაც დაიწყება და ურთიერთობებიც ერთხელ და საბოლოოდ დალაგდება. “
ივანიშვილმა 15 ივლისს აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნებთან და რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართულ პროდუქციას რუსულ ბაზარზე დააბრუნებს:
“ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვიპოვოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო ქმედითი მხარდაჭერა. ასეთ მხარდაჭერას კი მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, როცა საქართველო რეალურად დაადგება დემოკრატიის მშენებლობის გზას. დემოკრატიას ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ამას აუცილებლად დავამკვიდრებთ”.
ივანიშვილის თქმით, საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის სქართველოს სტრატეგიული არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ “ ჩვენ ვერ ავირჩევთ მეზობლებს”:
“ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, მოგვიწევს რუსეთთან ურთიერთობის შედარებით ნორმალიზება. ვფიქრობ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას.
რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული. განსახვავებით ამ ხელისუფლებისაგან, რომელიც უპრინციპოა და არაკორექტული”.
ეს განცხადებები ქართული ოცნების ლიდერმა 15 ივლისს გორში გააკეთა.