საარჩევნო პროგრამის სლოგანია – ”ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის”, ხოლო მთავარი მესიჯებია: ”შვილებს – განათლება, მშობლებს – დასაქმება, პენსიონერებს – დაფასება”.
ქდმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ოპონენტებზე ისაუბრა:
”დღეიდან უნდათ, რომ გვაცხოვრონ ახალაიას ხელისუფლებაში. უნდა დასრულდეს ახალაიების ტროიკა. ამ ქვეყანაზე ზონდერები უნდა დამთავრდნენ. მიშაც და ბიძინაც უნდა წავიდნენ თავიანთი მომყოლებით. ახლა გაიგო თურმე “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომ ხალხს უჭირს. როცა ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე თვის წინ ამაზე, გვაქილიკებდნენ არა მარტო ხელისუფლება, არამედ – ოპოზიციაც. ჩვენ ამაზე მაშინ არ გვქონია გათვლა.
ხელისუფლებამ ახლა გაიგო, რომ ხალხი ოცნებობს უმწეოთა სტატუსზე, რომ საარსებო მინიმუმი მაინც შეუვიდეთ სახლში. ჩვენ გვაბრალებენ კონსტრუქციულები არიანო. ვინც გვაბრალებს ხელისუფლებასთან შეთქმულებას, ეს არის ხალხი, რომელმაც თავად მოიყვანა ეს პიროვნებები ხელისუფლებაში მაშინ, როცა ჩვენ ყოველდღიურად ვუპირისპირდებოდით ხელისფლებას. ეს არის მტკნარი სიცრუე და თავად არ უნდათ გაიხსენონ, როგორ ჩაუდეს ვანოსა და მიშას ჯიბეში ტელევიზიები თავისი ჟურნალისტებითურთ”, – განაცხადა გრიგოლიამ.
პარტიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ”ქრისტიან-დემოკრატების” სხვა ლიდერებმაც მიმართეს ხალხს და ისაუბრეს პარტიის მიღწევებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე.
პარტიის მხარდამჭერები ქუთაისში იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოვიდნენ. ავტოკოლონას თავად ლიდერები მოუძღვებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ”ქრისტიან-დემოკრატებმა” ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ხარების ტაძრის მიმართულებით ფეხით მსვლელობა მოაწყეს.








