22 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განმუხურსა და ჯიხაშკარში, 3 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. ჯიხაშკარის ორ (108-ე და 79-ე) უბანზე კენჭისყრა 8 ოქტომბერს დარბევის შედეგად ჩაიშალა, განმუხურში (38-ე უბანზე) კი შედეგები გაბათილდა.
8 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლისას 10-მდე ადამიანი შეიჭრა და უბნები დაარბია. უბნის დარბევის შედეგად დაშავდა ორი საერთაშორისო დამკვირვებელი. აღნიშნულ ფაქტზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გია მხეიძეს, რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ჯიხაშკარის 108-ე საარჩევო უბნის დარბევის ფაქტზე კი პოლიციამ 12 ოქტომბერს დააკავა 59 წლის კაკო ტიბუა, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორი დღის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა.
რაც შეეხება 38-ე უბანს განმუხურში – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზანდა ხუფენიამ უბანი ხმების დათვლის დროს (პროცესი თითქმის დასრულებული იყო) დატოვა. მას შემდეგ, როცა იგი საოლქო კომისიაში მივიდა, განაცხადა, რომ საარჩევნო ყუთი “დაიკარგა”. თუმცა მას შემდეგ, რაც საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად დაბრუნდა 38-ე უბანზე, ხმების დათვლა გაგრძელდა. საბოლოოდ, იმის გამო, რომ ამ უბანზე ბალანსის დადგენა ვერ მოხერხდა, საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნის შედეგები 12 ოქტომბერს ბათილად ცნო. როგორც საუბნო კომისიის წევრები ამბობდნენ, უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იგებდა.
სამივე უბანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 66-ე საარჩევნო ოლქს ეკუთვნის. განმუხურის 38-ე უბანზე სულ 1145 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ჯიხაშკარის 79-ზე — 925, 108-ე უბანზე კი — 774 ადამიანი, ჯამში, 2844 ამომრჩეველი.
ამ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის 6 კანდიდატი უპირისპირდება ერთმანეთს. ცესკოს მონაცემებით, ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღეს სანდრა ელისაბედ რულოვსმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და ედიშერ თოლორაიამ, ზუგდიდის გამგებელმა, რომელიც “ქართული ოცნების” კანდიდატია. 66-ე მაჟორიტარული ოლქის ყველა სხვა უბნის საერთო მონაცემებით, სანდრა რულოვსს ხმათა 45.71% აქვს (10254 ხმა), ედიშერ თოლორაიას კი – 47.37% (10626).
ზუგდიდის გარდა, 22 ოქტომბერს არჩევნები ხელახლა გაიმართება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს 46-ე საარჩევნო უბანზე.