ახალი ამბები

“ქართული ოცნება” მოუწოდებს შსს-ს, უზრუნველყოს გორის აქციის მონაწილეების უსაფრთხოება

13 ივლისი, 2012 • 965
“ქართული ოცნება” მოუწოდებს შსს-ს, უზრუნველყოს გორის აქციის მონაწილეების უსაფრთხოება

“მას მერე, რაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ფართომასშტაბიანი წინასაარჩევნო საქმიანობა დაიწყო და მხარდამჭერთა მრავალათასიანი აქციები გამართა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს წინ აღუდგეს და შეაჩეროს ეს პროცესი. ამისთვის ხელისუფლება იყენებს ყოვლად დაუშვებელ, ფაქტობრივად, ანტისახელმწიფოებრივ მეთოდებს, რომელსაც გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს”, – ნათქვამია კოალიცია “ქართული ოცნების” განცხადებაში.

 

კოალიციის ცნობით, მათი ლიდერების ხალხთან შეხვედრების ჩასაშლელად ხელისუფლება იყენებს “მორჩილი ჩინოვნიკებისა და მათი ნათესავებისგან შემდგარ ე.წ. „რაზმებს“, სწორედ ამ „რაზმებს“ უპირისპირებს ხალხს და ამით ცდილობს შექმნას ისეთი სურათი, თითქოს ორად გახლეჩილი მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდება.”

 

“ბოლო დღეებში, გორის სოფლებსა და ადმინისტრაციული საზღვრის პირას, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან კოალიციის წარმომადგენელთა შეხვედრებზე ხელისუფლების მიერ მოწყობილმა დაპირისპირებამ ყოვლად დაუშვებელი სახე მიიღო და საშიში ტენდენციები გამოიკვეთა.

 

კოალიცია „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ხელისუფლებას,   სასწრაფოდ აღკვეთოს ასეთი დაპირისპირებები, რათა ეს პროცესები კიდევ ერთხელ არ გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს და არ გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაც სრულიად დაუშვებელია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კოალიცია “ქართული ოცნება” ავრცელებს.

 

კოალიცია „ქართული ოცნება“ მიმართავს სამართალდაცვის ორგანოებს და უწყებათაშორის კომისიას, სათანადო რეაგირება მოახდინონ კარალეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოიძიონ ყველა სამართალდარღვევა და მიიღონ სათანადო ზომები, რათა სამომავლოდ გამოირიცხოს ასეთი დაპირისპირება.

 

“კოალიციის წარმომადგენლები და აქტივისტები სტუმრობენ ყველა სოფელს და ხვდებიან ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებსაც ლეგიტიმური უფლება აქვთ, მიიღონ ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა, ხოლო სამართალდაცვის ორგანოები ვალდებული არიან, დაიცვან მათი ეს უფლებები”, – აცხადებენ კოალიციაში.

 

კოალიციის ცნობით, 15 ივლისს დაგეგმილ აქციას გორში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი