სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სამხედრო პოლიცია იძიებს.
“გამოძიების დასრულების შემდეგ საქმის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. თავდაცვის სამინისტრო დაფარავს დაკრძალვის ხარჯებს და მატერიალურად დაეხმარება გარდაცვლილის ოჯახს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გაავრცელა “კახეთის საინფორმაციო ცენტრმა”. ICK-ის ცნობით,
გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 19 წლის ჯარისკაცი გუშინ, 12 ივლისს გადაასვენეს: კობა მახარაშვილს, რომელიც გორის სამხედრო ნაწილში მსახურობდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია პირში აქვს ნასროლი და კეფა აქვს განგრეული.
“გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯარისკაცმა მშობლებს სხვა სამხედრო ნაწილში გადაყვანა სთხოვა”, – ნათქვამია კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებულ მასალაში.
ამავე გამოცემის ცნობით, სამხედრო პოლიცია გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე ზეწოლას ახორციელებს, რომ გარდაცვალების ფაქტზე არ ისაუბრონ, რის გამოც ისინი ჟურნალისტებთან ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ და გადაღებაზე უარს ამბობენ. გარდაცვლილ ჯარისკაცს 3 ძმა დარჩა, უფროსი – 20 წლის და ორი მცირეწლოვანი ძმა.




