ახალი ამბები

არასამთავრობოები: არაეფექტურია რეაგირება არჩევნებზე დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლაზე

21 ოქტომბერი, 2016 • 1418
არასამთავრობოები: არაეფექტურია რეაგირება არჩევნებზე დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლაზე

“14 დღე გავიდა არჩევნების კენჭისყრის დღიდან და ეს დიდი დროა იმისთვის, რომ ეფექტური რეაგირება მომხდარიყო შემაშფოთებელ ფაქტებზე”- განაცხადა “ადამიანის უფლებათა ცენტრის”  აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ცქიტიშვილმა.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლაზე სამართალდამცავებისა და ცესკოს რეაგირება მოითხოვეს 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა:  ადამიანის უფლებათა ცენტრმა; საიამ; საზოგადოებრივმა დამცველმა; „მრავალეროვანმა საქართველომ“; სამართლიანმა არჩევნებმა; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ამავე ორგანიზაციის დამკვირვებელს, გიორგი ტყებუჩავას 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრისას მარნეულის #35 საარჩევნო ოლქში, ქეშალოს#37 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ფაიაზ ველიევმა და თავმჯდომარის მოადგილემ საამედ გაჯიევმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ამაზე კი რეაგირება ცესკოს არ ჰქონია.

ცქიტიშვილის თქმით, ინციდენტი გადაიღო საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა, სადაც ჩანს, თუ როგორ უყვირის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საამედ გაჯიევი ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს და უხეშად ხელითაც ეხება.

მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც მოწმეები გამოიკითხნენ ალგეთის პოლიციის დეპარტამენტში. პოლიციის განყოფილებაში განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა  მუხლის საფუძველზე („კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა“).

ალექსანდრე ცქიტიშვიის განცხადებით, გიორგი ტყებუჩავას სხეულზე არსებულ დაზიანებებზე მეორე დღეს ჩატარდა ექსპერტიზა, თუმცა, ვინაიდან მას არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვთ.

“მას ჯერ კიდევ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიუღია კონკრეტული ზომები და ვფიქრობთ, რომ ხვალ, როდესაც იქნება განმეორებითი არჩევნები მარნეულის იმ უბანზე, სადაც მოხდა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა კომისიის თავმჯდოამრის და მოადგილის მხრიდან, სწორედ ეს საარჩევნო მოხელეები იქნებიან კვლავ და ხვალ მოემსახურებიან ამომრჩევლებს,”- ამბობს ალექსანდრე ცქიტიშვილი.

არასამთავრობოები “შემაშფოთებელს” უწოდებენ იმ ფაქტს, რომ ცესკოს არ მოუხდენია რეაგირება და არც ადმინისტრაციული წარმოება დაუწყია ქეშალოს #37-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართ.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ცესკოსაც, სადაც განაცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათთვის საჩივრით არ მოუმართავთ და ცესკოსთვის ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ცესკოს სპიკერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებიდან უკვე 13 დღე გავიდა, თუკი ორგანიზაცია მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიას, ის ამ ფაქტს შეისწავლის:

“ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, რაც იყო გაჟღერებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. არჩევნების დღეს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პირადად გადაამოწმა ინფორმაცია #37 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. ესაუბრა თავად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და მათ დაუდასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას და პრობლემა იყო ადგილზევე, იმ დროისათვის აღმოფხვრილი. მნიშნელოვანია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არავის მიუმართავს საარჩევნო ადმნისტრაციისთვის, არც რაიმე პრეტენზიით, მით უმეტეს, არანაირი საჩივრით და რაიმე მტკიცებულებით,”- განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ანა მიქელაძის თქმითვე, ცესკოს რეაგირება ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი ექნებოდა დამკვირვებლის უფლების შეზღუდვას:

“თუკი არის დარღვეული საარჩევნო კოდექსის 91-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვას, ან დაკვირვების ხელშეშლას, ამ შემთხევაში, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის სფერო და საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს გარემოებების შესწავლის შემდეგ. მაგრამ, თუ საუბარი არის არა დამკვირვებლის მიერ დაკვირვებაზე ხელის შეშლაზე, არამედ საუბარია სხვა ტიპის ქმედებებზე, რომელიც არის უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნაწილი და არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას, ამაზე საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ვერ მოახდენს,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.

ნეტგაზეთმა ცესკოს სპიკერს ჰკითხა, ხომ არ უნდა დატოვონ თანამდებობები საუბნო კომისიის თავმჯდომარემ და მოადგილემ, ვიდრე შსს გამოძიებას არ დაასრულებს. მან გვიპასუხა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს:

“ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი დადასტურებული ფაქტი. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი. თუკი არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი ფაქტი, საგამოძიებო ორგანოებს არ დაუსრულებიათ გამოძიება, ეს ადამაინები ახორციელებენ თავის საქმიანობას და განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, რა თქმა უნდა. მაგრამ, თუ დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა სხვა რაიმე ტიპის დარღვევებს, რა თქმა უნდა, შესაბამის სანქციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაცია,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება შსს-ს, უწყებაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე მართლაც არის დაწყებული გამოძიება 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ არის დაზარალებულად ცნობილი გიორგი ტყებუჩავა, მათ განაცხადეს, რომ საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზები, რომელთა პასუხიც ჯერ არ არის ცნობილი.

არასამთავრობოების განცხადებაში ასევე მოხვდა ზუგდიდის #79 საარჩევნო უბანის დარბევა, რა დროსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის 3 წარმომადგენელს, რომლებიც ცდილობდნენ ტელეფონით გადაეღოთ ინციდენტი. დამკვირვებელთა ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

შსს-მ 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 79-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებული დაკავებულია.

თუმცა არასამთავრობოები აცხადებნდნ, რომ პოლიციის რეაგირება არ ყოფილა ეფექტური:

“ზუგდიდის #79-ე და #108-ე უბნებზე პოლიციამ ვერ განახორციელა სათანადო რეაგირება. დამატებითი საპოლიციო ძალები მხოლოდ მოგვიანებით იყვნენ მობილიზებული უბნებზე,”- აცხადებენ არასამთავრობოები.

 

არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები ასევე საუბრობენ საიას დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტზეც:

 

“ხმის დათვლისა და კენჭიყრის შედეგების შეჯამების დროს უბნის დარბევას ჰქონდა ადგილი ზუგდიდის #108-ე უბანზე, რა დროსაც საფრთხე შეექმნა უბანზე მყოფ პირებს, მათ შორის – საიას დამკვირვებელს. აღნიშნულ უბანზე დამკვირვებლებმა ფანჯრის მეშვეობით დატოვეს უბანი. საიას დამკვირვებელს ხელ შეუშალეს მთაწმინდის #24 უბანზეც. მას არ უშვებდნენ საარჩევნო უბანზე და უბნის კომისიის წევრები, ასევე – უბნის გარე პერიმეტრზე მყოფი დაუდგენელი სტატუსის მქონე პირები, მას აიძულებდნენ, დაეტოვებინა უბნის მიმდებარე ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ საიას დამკვირვებელმა პოლიცია გამოიძახა უბანზე, ადგილზე მისული პოლიცია მისი დაცვის ნაცვლად, შეეცადა, ხელი შეეშალა მისთვის და გამოეყვანა უბნის გარე პერიმეტრიდან,”- აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამნისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ზუგდიდის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით უკვე დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მთაწმინდის 24-ე უბანთან დაკავშრებით განმარტეს, რომ ადგილზე პატრული მართლაც იყო გამოძახებული, თუმცა პოლიციას არ ჰქონდა უფლებამოსილება, უბანზე ვინმე შეეშვა, ან არ შეეშვა. მათივე თქმით, უბანზე შეშვების საკითხზე კონფლიქტი იყო თავად საარჩევნო უბნის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შორის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი