ახალი ამბები

ენმ-ის ხარჯები და შემოსავლები არჩევნებამდე სამკვირიან პერიოდში

21 ოქტომბერი, 2016 • 1301
ენმ-ის ხარჯები და შემოსავლები არჩევნებამდე სამკვირიან პერიოდში

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 2016 წლის 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით 849 223.09 ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო დახარჯა 498 777 ლარი, — ვიგებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული სამკვირიანი დეკლარაციებიდან.

ამ პერიოდში ენმ-ს 165 259 ლარი მხოლოდ ფიზიკურმა პირებმა შესწირეს. მათ შორის ყველაზე მეტი — 60 000 ლარი ენმ-ს შესწირა კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა და ოლიმპიური კომიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა. ასევე, სხვებთან შედარებით დიდი რაოდენობის თანხა – 15 000 ლარი პარტიას შესწირა მოქალაქე დავით იმედაშვილმა. 12 500 ლარი კი — კობა ნაყოფიამ, პარლამენტის წევრმა, ამჟამადაც ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატმა სენაკში.

ენმ-ის შემოსავლებში დიდი წილი უკავია სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს — საბიუჯეტო დაფინანსებასა (562 269 ლარი) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებულ სახსრებს (118 363 ლარი) — ჯამში, ენმ-მ სახელმწიფოსგან 680 632 ლარი მიიღო.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ სამკვირიანი პერიოდის განმავლობაში  495 745 ლარი დახარჯა. ამ თანხიდან პარტიამ ხელფასების სახით 31 430 ლარი გასცა.

ენმ-ის ხარჯის დიდი ნაწილი მოდის რეკლამებზე – პარტიამ არჩევნებამდე სამი კვირის განმავლობაში 365 588 ლარი დახარჯა. აქედან ყველაზე მეტი, 172 530 გადაუხადა კომპანია “აუთდორ.ჯის” 2 ბილბორდისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი