ახალი ამბები

ომბუდსმენი და საია კარალეთის ინციდენტის გამოძიებას ითხოვენ

13 ივლისი, 2012 •
ომბუდსმენი და საია კარალეთის ინციდენტის გამოძიებას ითხოვენ

”მერეთისა და დირბის ინციდენტის შემდეგ ეს არის შემთხვევა, როდესაც პოლიცია ვერ ახერხებს მისთვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების – მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების კონტრდემონსტრანტებისაგან დაცვას. შეკრების მონაწილეთა მიმართ ძალადობისას პოლიციის ეფექტური ჩარევის არარსებობის პირობებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა,” – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 13 ივლისის განცხადებაში.

 

საია გმობს კარალეთში მომხდარ ინციდენტს და შეშფოთებულია ძალადობრივ აქტებში საჯარო მოხელეების მონაწილეობით.  ორგანიზაციის იურისტების მოსაზრებით, მოქალაქეებისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ქურთის თემის გამგეობის თანამშრომლის ლევან მაისურაძის მონაწილეობა, სავარაუდოდ, შეიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობის ნიშნებს. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოიკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, მომავალში დროული ჩარევის გზით დაიცვას  მშვიდობიან აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგი. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ნებისმიერ პირს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ძალადობის შესაძლო ფაქტები და არ დაუშვან საკუთარი მოსაზრების ძალადობრივი ფორმით გამოხატვა.

 

კარალეთში ”ქართული ოცნების” მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიურ დაპირისპირებას მალევე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი. 

 

ომბუდსმენის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ გორის საავადმყოფოს 13-მა პირმა მიმართა, რომელთა შორის იყო 10 ჟურნალისტი, რომელთა შორის არიან სააგენტო “ინფო-9″– ის წარმომადგენლები– თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, მე-9 არხის ჟურნალისტები ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ წარმომადგენლები ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი. ჟურნალისტთა ზეპირი განმარტებით, მათ ნაწილს დაუზიანდა ტექნიკა და მათ შსს გორის სამმართველოსაც მიმართეს, სადაც ისინი დაკითხეს. 

 

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გაატარონ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირების  მიზნით.

 

ომბუდსმენი ასევე განაგრძობს აღნიშნული ფაქტზე ახსნა-განმარტებებისა და ინფორმაციის მოპოვებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი