ახალი ამბები

“ქართუ ბანკის” დირექტორატი და სამეთვალყურეო საბჭო დაითხოვეს

12 ივლისი, 2012 • 2275
“ქართუ ბანკის” დირექტორატი და სამეთვალყურეო საბჭო დაითხოვეს

კერძოდ, სს “ბანკი ქართუს” ხმების 100%-ის მფლობელი აქციონერის – სს “ქართუ ჯგუფის” ახალი პრეზიდენტის ვლადიმერ უგულავას გადაწყვეტილებით, “ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გაყვანილნი არიან: ნოდარ ჯავახიშვილი, ნათელა ყალიჩავა და ეთერ დემინაშვილი.

 

აღნიშნული პირების ნაცვლად საბჭო შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: ვლადიმერ უგულავა, ირაკლი ზარქუა და როინ ცაციაშვილი.

 

ახალი საბჭო დაკომპლექტებისთანავე შეიკრიბა და დაითხოვა “ქართუ ბანკის” დირექტორატი სრული შემადგენლობით. კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლდა “ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნატო ხაინდრავა, მოადგილე – დავით გალუაშვილი, დირექტორატის წევრები – მანანა ნადირაძე, გოჩა ჩიკვილაძე, ზურაბ გოგუა, ბექა კვარაცხელია, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე გალდავა.

 

სს “ბანკი ქართუს” გენერალურ დირექტორად ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად ირაკლი ზარქუა დაინიშნა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს დაკისრებული აქვს ჯარიმის გადახა 74 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოცულობით. ივანიშვილი აღნიშნული თანხის გადახდაზე უარს აცხადებს, რის გამოც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადაღა”ქართუ ჯგუფისა” და “პროგრეს ბანკის” აქციები. აქციები გამოტანილი იქნა გასაყიდად აუქციონზე, თუმცა, იმის გამო, რომ მყიდველი არ გამოჩნდა, აუქციონი ვერ შედგა.

 

ამის შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.

 

იძულებითი მართვა გულისხმობს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას.

 

იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში.

 

“ქართუ ჯგუფისა” და “პროგრეს ბანკის” აქციების იძულებით მმართველად 12 ივლისიდან ვლადიმერ უგულავა დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი