ახალი ამბები

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ანტენების დაყადაღების მტკიცებულებებს ითხოვენ

12 ივლისი, 2012 •
მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ანტენების დაყადაღების მტკიცებულებებს ითხოვენ

“მაესტროს” კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღებით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, ხელი ეშლება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის განვითარებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან მედია–ბიზნესში უხეშ ჩარევას წარმოადგენს, აღნიშნული ქმედებით ხელისუფლება აფერხებს პლურალისტული მედიასივრცის შექმნას, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საარჩევნო გარემოს და ქმნის არათანაბარ კონკურენტულ პირობებს”, – ნათქვამია კამპანიის წარმომადგენლების განცხადებაში.

კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მედიისთვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

“არც პროკურატურას, არც სასამართლოს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ “მაესტრო” მოსახლეობას სატელიტურ ანტენებს აძლევდა ვინმესთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, არც მისი დამფუძნებელი მაკა ასათიანი, რომლის თანხებითაც იქნა შეძენილი ეს სატელიტური ანტენები, არ არის გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე ან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარიასთან. ამიტომ, ბუნებრივია, მასზე ვერ გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელისუფლების ქმედება არის მედიისთვის ხელის შეშლა”, – განაცხადა  კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად“,  სასამართლოს ტელეკომპანია “მაესტროს” მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების მოთხოვნით 2012 წლის 11 ივლისს მიმართა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე იმავე დღეს განიხილა და დააკმაყოფილა.

“გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, შპს „მაესტრომ”, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიების – შპს „ელიტა-ბურჯის” წარმომადგენელთა მითითებით, თვალთმაქცური გარიგებების გზით, საქართველოში შემოიტანა ათასობით სატელიტური ანტენა, რომელიც უნდა დარიგებულიყო „ქართული ოცნების” სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ უკვე აპრობირებული სქემით”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ეს შენ გეხებას” წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს პერიოდში სახელმწიფო საზოგადოებას წარმოუდგენს იმ უტყუარ მტკიცებულებებს, რაც ტელეკომპანია მაესტროს მიერ იმპორტირებული სატელიტური ანტენების დაყადაღებას დაედო საფუძვლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს და მთავარ პროკურატურას ადეკვატური იურიდიული განმარტებების წარმოდგენისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც– “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. ორგანიზაციებმა შესაბამისი განცხადება დღეს, 12 ივლისს გაავრცელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი