ახალი ამბებისამართალი

ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

20 ოქტომბერი, 2016 • 2106
ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

დღეს, 20 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს.

სავარაუდოდ, ზაზა თავაძეს მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ლალი ფაფიაშვილმა, ზაზა თავაძემ, თეიმურაზ ტუღუშმა და თამაზ ცაბუტაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამარლოს იურისტის განმარტებით, ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ კოლეგიები უნდა დააკომპლექტოს და დასამტკიცებლად პლენუმს წარუდგინოს. პლენუმმა უნდა აირჩიოს თავმჯდომარის მოადგილეებიც.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე 13 ოქტომბერს დასახელდნენ. ირინა იმერლიშვილი კანდიდატად თავად იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და მაია კოპალეიშვილმა წარადგინეს. უცნობია, თუ  რომელმა სამმა წარადგინა დანარჩენი ხუთი მოსამართლიდან თავმჯდომარის პოსტზე ზაზა თავაძე.

ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას 2016 წლის 2 ოქტომბრიდან შეუდგა. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრია. მანამდე ირინა იმერლიშვილი ეროვნული უშიშროების სამჭოს მდივანი იყო.

ზაზა თავაძე კი საკონსტიტუციო სასამართლოში უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს დანიშნა. საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე, 2008-2010 წლებში, იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე კი – გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.  თავაძე ერთ-ერთია იმ ხუთი მოსამართლიდან, რომლებმაც 29 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს წერილით მიმართეს და გააპროტესტეს  ზოგიერთი საქმის “დაჩქარებული ტემპით” განხილვა, მაშინ, როდესაც, მათი თქმით, უფრო ადრე შესულ საქმეებზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. 5 მოსამართლეს მხედველობაში რუსთავი 2 -თან დაკავშირებული საქმის განხილვა ჰქონდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი