ახალი ამბები

GNCC-მა 5 საინფორმაციო სააგენტოს და ერთ გაზეთს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

20 ოქტომბერი, 2016 •
GNCC-მა 5 საინფორმაციო სააგენტოს და ერთ გაზეთს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო” ხუთ საინფორმაციო სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის (საქალაქო) სასამართლოს გაუგზავნა. ამის შესახებ ნათქვამია GNCC-ის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

საუბარია მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ამერიკული სოციოლოგიური კომპანია Wilson Perkins Allen Research (WPA)-ის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე. GNCC-ის ცნობით, ეს საინფორმაციო სააგენტოებია:

● შპს „მედიანიუსი“ – www.medianews.ge;

● შპს „ნიუს რუმი“ – www.ambebi.ge”;

● შპს „ახალი ამბები“ – www.ipn.ge;

● შპს „ნიუს რუმი“ – „www.kvirispalitra.ge“;

● შპს „Georgian National News” – www.gnn.ge .

“საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 82–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით”, – აცხადებენ კომისიაში.

GNCC-ის განცხადებით, რიგი გაზეთების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არ ხორციელდება კომისიაში ყოველკვირეული ინფორმაციის წარმდგენა. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე- 2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ექვემდებარება წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს.

“ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელ ორგანოებისგან, აფხაზეთის და აჭარის ავოტნომიური რესპუბლიკების მთავრობებისგან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთების თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგს დაექვემდებარა 30 გაზეთი. ყველა გაზეთს გაეგზავნა მოთხოვნა წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, თუმცა 7 გაზეთი, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წერილი ჩაბარდა, ინფორმაციას არ წარმოადგენს. აღნიშნული გაზეთებია: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „რეგიონის ტრიბუნა“; ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „თვითმმართველობა“; ტყიბულის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ტყიბული“; ლენტეხის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „სვანეთი“; გორის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „გორის მაცნე“; ვანის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „საერთო სიტყვა“; წალენჯიხის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ეგრისის მაცნე“; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით კომისიაზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიზნით, კომისიამ საკონტროლო შესყიდვა სცადა კერძო კომპანიების საშუალებით, თუმცა პრესის გავრცელების ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს ზემოთ ხსენებული გაზეთები ჩამონათვალში არ აქვთ, რის გამოც კომისიამ კიდევ ერთხელ მიმართა შესაბამის მუნიციპალიტეტებს და სთხოვა გაზეთების წარმოდგენა”, – აცხადებენ კომისიაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაზეთ „ხაშურის მოამბეს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაზეთ „ხაშურის მოამბეს“ წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო რეკლამის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო (ხაშურის) სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლომ გაზეთის სიტყვიერი გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო. გაზეთ „ხაშურის მოამბის“ აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სააგიტაციო წერილი სახელწოდებით – „არც ერთი ნაციონალი პარლამენტში“, რომელსაც არ ჰქონდა აღნიშნვნა, გამოქვეყნებული მასალა იყო ფასიანი, თუ უფასო პოლიტიკური რეკლამა”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში 24- საათიან რეჟიმში ორმოცდაცხრა სამაუწყებლო არხს აკვირდებოდა.  2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში (23.09.2016 – 08.10.2016) შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი