კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევაში კოალიციის წევრი პარტიები მონაწილეობდნენ:
“მაჟორიტარების შერჩევაში აქტიურად მონაწილეობდნენ კოალიციის პარტიები, თუკი ვინმე ჰქონდა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, ყველა ჩართული იყო ამ პროცესში”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კოალიციის წევრებს შორის შეთანხმებულია, რომ საარჩევნო სუბიექტების 55%-ი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელი იქნება.
“ეს შეთანხმებული გვაქვს თავშივე კოალიციის პარტიებს, თუმცაღა ეს არ არის ძირითადი და განმსაზღვრელი ფაქტორი. თუ ხდება, რომ სხვა პარტიას ჰყავს კარგი კანდიდატები, ჩვენ შეგვიძლია ეს პროპორცია დავარღვიოთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის თქმით, ის მომავალ კვირას დაასახელებს მაჟორიტარ კანდიდატებს თბილისში. რამდენიმე კვირის წინ “რეპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ პრაიმერში თბილისის მასშტაბით ლიდერ პოზიციებზე იყვნენ “რეპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლები.
“დავით ბერძენიშვილმა უბრალოდ იჩქარა კანდიდატების დასახლება, მომავალ კვირას თბილისის მაჟორატრებსაც დავსახელებ და კიდევ რჩება 4-5 მაჟორიტარი რეგიონებში, რომლის შესახებაც მომავალ კვირას გაცნობებთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერი უარყოფს რაიმე ტიპის დაპირისპირებას “რეპუბლიკურ პარტიასთან”:
“რაც შეეხება “რესპუბლიკურ პარტიასთან” დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს ისინი უმცირესობაში არიან კოალიციაში, მე აღნიშნულ მოსაზრებას არ ვეთანხმები. არანაირი განხეთქილება არ მაქვს”.