ახალი ამბები

ივანიშვილის საქმეზე აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად უგულავა დაინიშნა

12 ივლისი, 2012 •
ივანიშვილის საქმეზე აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად უგულავა დაინიშნა

აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად დაინიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა.

 

გასულ წლებში ვლადიმერ უგულავა  იყო სს ,,ალდაგი ბისიაი“–ს საზედამხედველო საბჭოს წევრი, ხელმძღვანელობდა სს „ტაოპრივატბანკს“.

 

ვლადიმერ უგულავას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლუმბიის უნივერსიტეტში მიღებული აქვს ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მაგისტრის ხარისხი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს დაკისრებული აქვს ჯარიმის გადახა 74 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოცულობით. ივანიშვილი აღნიშნული თანხის გადახდაზე უარს აცხადებს, რის გამოც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადაღა”ქართუ ჯგუფისა” და “პროგრეს ბანკის” აქციები. აქციები გამოტანილი იქნა გასაყიდად აუქციონზე, თუმცა, იმის გამო, რომ მყიდველი არ გამოჩნდა, აუქციონი ვერ შედგა.

 

ამის შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.

 

იძულებითი მართვა გულისხმობს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას.

 

იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი