ჩამოთვლილ უბნებში კი არის ისეთი ქუჩებიც, სადაც უკვე წლებია, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მარკეტინგის სამსახურში კი აცხადებენ, რომ თბილისი წყლით უწყვეტად მარაგდება და გრაფიკი დედაქალაქის მხოლოდ მცირე ნაწილშია დაწესებული:
“დღეს წყალი გრაფიკით მიეწოდება კუკიის დასახლების ზედა ნაწილს, ორხევის, „აეროპორტის“, ლილოს და „მეტრომშენის“ დასახლებებს, ვაზისუბანსა და მოსკოვის გამზირს მიმდებარე ქუჩებით, ასევე, თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სოფლებს”, – აცხადებენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში”.
თუმცა საპირისპიროს აცხადებს თბილისის სხვა უბნებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ჩამონათვალში არ შედის ვერა, მიუხედავად იმისა, რომ აქ მცხოვრებთა განცხადებით, წყალი წლების მანძილზე გრაფიკით მიეწოდებათ, ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც წყლის მიწოდება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წყდება.
ერთ–ერთი მცხოვრების, ნატა ფერაძის განცხადებით, ვერაზე წყალი, როგორც წესი, ღამით არასდროს არ არის:
“ღამე, 12 საათის მერე მიდის და დილის 7 სთ– მდე წყდება, ეს, როგორც წესი. გარდა ამისა, დღისით სპონტანურად და უსისტემოდ ძალიან ხშირად მიდის, კვირაში 2-3 დღე მაინც. იმ დღეს თმის საღებავი მქონდა წასმული, წყალი რომ შეწყდა, ვიფიქრე კიდეც, ასე თავწაკრულები მივსულიყავით “თბილისის წყალში” და მომეთხოვა პასუხი”, – აცხადებს ნატა ფერაძე.
იგივე პრობლემაა ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, რომელიც მთაწმინდის რაიონს ეკუთვნის:
“უკვე ძალიან დიდი ხანია წყალი ჩვენს ქუჩაზე სადღაც ღამის 1 საათზე მიდიოდა და დილით შვიდის ნახევრამდე მოდიოდა, ამ ბოლო დროს, დაახლოებით ორი თვეა, უკვე გადმოინაცვლა დრომ და გვიან მოდის, რაც პრობლემებს გვიქმნის. ადრე იმდენად ვერ ვგრძნობდით, რადგან დილას როცა ვდგებოდით, უკვე იყო წყალი, ახლა თანდათან შეგვაჩვიეს იმას, რომ გადმოიწია გრაფიკმა და დილითაც გვიან მოდის, რაც ძალიან თვალშისაცემია. მილებში წყალი გროვდება და ონკანში დილით ლამის გასკდეს დაგროვილი ჰაერის გამო”, – ამბობს ერთ–ერთი მცხოვრები ლია ჩაჩიბაია.
ნატა ფერაძის თქმით, წყლის პრობლემასთან დაკავშირებით “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცხელ ხაზზე არაერთხელ დარეკა:
“წერილობით არ მიმიმართავს, მაგრამ ცხელ ხაზზე ხშირად ვრეკავ, თუ მეყო ნებისყოფა და პასუხს დაველოდე, მპასუხობენ, ვმუშაობთ გამოსწორებაზეო. ან დაზიანებაა და წყალი იქნება 18 სთ-ზეო, მაგრამ დრო ერთხელაც არ დამთხვევია შეპირებულს. ისე ამბობენ, მოსაშორებლად”, – ამბობს ნატა ფერაძე.
როგორც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, ამ ტერიტორიებზე ოფიციალური გრაფიკი დაწესებული არ არის:
“რაღაც უბანში შეიძლება ყველას ჰქონდეს წყალი და ორ ოჯახს არ მიეწოდებოდეს, ჩვენ ვერ დავსხდებით და ამ ოჯახების აღწერას ვერ დავიწყებთ. თუმცა მალე დავამონტაჟებთ გამაძლიერებელ სატუმბებს და 2012 წლის ბოლოსთვის ეს პრობლემები აღმოიფხვრება”, – განაცხადა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამუნა ნოსელიძემ.
კომპანიის ინფორმაციით, გრაფიკის დაწესებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის თბილისის რთული რელიეფი და წყლის დანაკარგის დიდი რაოდენობა:
“მოსახლეობა რომ მეტად უფრთხილდებოდეს ამ პროდუქტს და მხოლოდ საჭიროებისამებრ იყენებდეს, კომპანიის მიერ მიწოდებული წყლის რაოდენობა საკმარისი იქნებოდა თბილისის უზრუნველსაყოფად”, – აცხადებენ კომპანაში:
“უახლოეს მომავალში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ექსპლუატაციაში გაუშვებს დიდი
მოცულობის ორ ახალ რეზერვუარს ლილოსა და ვაზისუბანში. 10 000 კუბური მეტრის მოცულობის ვაზისუბნის რეზერვუარის მშენებლობა უკვე დასრულებულია. მისი გაშვებით წყლის მიწოდებაზე დაწესებული გრაფიკი მოეხსნება ვაზისუბნის დასახლებასა და მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირს მიმდებარე ქუჩებით, ასევე, „მეტრომშენის“ დასახლებას. ლილოს რეზერვუარის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ კი, სასმელი წყლით უწყვეტად მომარაგდება ლილო და მისი მიმდებარე დასახლებები, ასევე, საწარმოები და ობიექტები”, – აცხადებენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში”, თუმცა კომპანიას არ მოუწოდებიათ ინფორმაცია იმ ქუჩების წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, სადაც ოფიციალური გრაფიკი არ მოქმედებს.
აღებული ვალდებულების თანახმად, დედაქალაქის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში უწყვეტი წყალმომარაგება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” 2012 წლის ბოლომდე უნდა განახორციელოს. მათივე ინფორმაციით, 2015 წლისთვის თბილისს უწყვეტი წყალმომარაგება უკვე ახალი ადმინისტრაციულ საზღვრებშიც ექნება.