ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

20 ოქტომბერი, 2016 • 1876
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

დღეს, 20 ოქტომბერს, გახდება ცნობილი, თუ ვინ გახდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. თავმჯდომარის ასარჩევად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 16:00 საათზე შეიკრიბება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად 13 ოქტომბერს ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე დასახელდნენ. ირინა იმერლიშვილი კანდიდატად თავად იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და მაია კოპალეიშვილმა წარადგინეს. უცნობია, თუ  რომელმა სამმა წარადგინა დანარჩენი ხუთი მოსამართლიდან თავმჯდომარის პოსტზე ზაზა თავაძე.

ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას 2016 წლის 2 ოქტომბრიდან შეუდგა. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრია. მანამდე ირინა იმერლიშვილი ეროვნული უშიშროების სამჭოს მდივანი იყო.

ზაზა თავაძე კი საკონსტიტუციო სასამართლოში უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს დანიშნა. საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე, 2008-2010 წლებში, იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე კი – გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.  თავაძე ერთ-ერთია იმ ხუთი მოსამართლიდან, რომლებმაც 29 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს წერილით მიმართეს და გააპროტესტეს  ზოგიერთი საქმის “დაჩქარებული ტემპით” განხილვა, მაშინ, როდესაც, მათი თქმით, უფრო ადრე შესულ საქმეებზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. 5 მოსამართლეს მხედველობაში რუსთავი 2 -თან დაკავშირებული საქმის განხილვა ჰქონდათ.

კანონმდებლობის თანახმად, ახალი თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი